LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძღვარი ნამდვილად მყავს და მის საქმეს არ განვიხილავ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

189
1565335025-ნინო-ქადაგიზე-1024x680

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში საბჭოს წევრების კითხვებს ნინო ქადაგიძე პასუხობს.

პროფესიული საქმიანობის შეფასების დროს, ქადაგიძემ ორჯერ გადაუხადა ღმერთს მადლობა, რის შემდეგაც საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, რამდენად მორწმუნე იყო.

„თქვენ ბრძანეთ, რომ ხართ მორწმუნე, მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაინტერესებს, თქვენი მოძღვრის ან სულიერი დის საქმე რომ დაგეწეროთ, იქნება თუ არა ეს აცილების საფუძველი“.

ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ სულიერი დები არ ჰყავს, თუმცა მოძღვარი ჰყავს და მის საქმეს არ განიხილავდა.

“მე ავიცილებ საქმეს, საფუძველი იქნება თუ არა არ ვიცი. მოძღვარი მყავს და მის საქმეს არ განვიხილავ“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კითხვაზე, გაითვალისწინებდა თუ არა მოძღვრის თხოვნას, რომ მაგალითად, დაეჩქარებინა ერთ-ერთი საქმის განხილვა, კანდიდატი ამბობს, რომ ცდილობს, წინ წამოწიოს საქმე, რომლის დაჩქარებას თხოვენ.

„პასუხი მარტივია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ითხოვს, რომ დავუჩქარო, ვცდილობ წინ წამოვწიო, რამდენად საჯაროდ უნდა ვამბობდე და კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ვაკეთებ“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ქადაგიძესთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლაშა ქოჩიაშვილს გაესაუბრებიან. მასთან ერთ-ერთი მთავარი კითხვა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და გადაწყვეტილებები იქნება. საბჭოს არამოსამართლე წევრებს ასევე აინტერესებთ, რატომ დატოვა 2017 წელს კანდიდატმა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 40-ს უკვე გაესაუბრა.

50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.