საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მოანაწილეები “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ. ისინი კუხინიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპორტესტებენ, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილია. აქციას ასევე უერთდება სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალე” და “სირცხვილია”. ელისაშვილის განცხადებით, კუხიანიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს და საკრებულო დატოვოს. საკრებულოში კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.
კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას საკრებულოს ოპოზიცია გეგმავს, რისთვისაც 10 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინა მორიგ პოსტს აქვეყნებს
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს
ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები და “იდიოტები” უწოდა. კუხიანიძემ საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, ნიშნავს, რომ “იდიოტები ან პროვოკატორები არიან”.
“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც”, – წერს კუხიანიძე სოციალურ ქსელში.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის აბრა ჩამოხსნა და აქციის მონაწილეებთან გამოიტანა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.