გორის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხმაურია. გარემოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას ცდილობენ, თუმცა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მოვაჭრეებს საქმიანობის საშუალებას არ აძლევს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი.
როგორც მან ადგილზე მისულ გარემოვაჭრეებთან განაცხადა, გორის მერიამ რამდენიმე კვირის წინ დაურიგა გამაფრთხილებელი წერილები თითოეულ მათგანს და გააფრთხილა, რომ იქ დგომა არ შეიძლება, უნდა წასულიყვნენ.
„ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია, ჩაბინძურებულია ყველაფერი, არის ქალაქის ცენტრი, ტრასაზე უწევს მოსახლეობას სიარული, რაც საფრთხეს წარმოადგენს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მათ ახალი ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლას.
მეპატრონემ, გივი ჯალაბაძემ შესთავაზა მათ და ყველა მხარში დაუდგა, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმბოლურ თანხად მისცემს საშუალებას, რომ იმუშაონ. როგორ არ დადის ხალხი, აბა ის ხალხი ვინც იქ ვაჭრობს, როგორ ვაჭრობენ მითხარით ერთი“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
ის არ იზიარებს მოვაჭრეების პოზიციას, რომ წინასაარჩევნოდ მათ ვაჭრობის უფლებას მაინც აძლევდნენ.
გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მაინც აპირებენ ვაჭრობა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ჩამორთმევის შესახებ გაფრთხილება მიიღეს.
ადგილზე იმყოფებიან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებიც. როგორც პარტიის წარმომადგენელი, ცოტნე კობერიძე ამბობს, როდესაც ხელისუფლებას პოლიტიკურად სჭირდება მსგავს საკითხებზე თვალს ხუჭავს და პარტია გარემოვაჭრეების უფლებებს დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეების პროტესტი გორში უკვე 3 დღეა გრძელდება.