LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია, მეტი უნდა გვემუშავა რათა დაგვერწმუნებინა, რომ აცრა არის მთავარი: ამირან გამყრელიძე

203
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში ჩამორჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.

მან იმუნიზაციის ტემპის ჩამორჩენის შესახებ სამი მიზეზი დაასახელა.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, დრო არის გაკეთდეს ორი წლის სერიოზული ანალიზი.

„ანალიზი არამარტო ჯანდაცვის სისტემის გადასახედიდან, რა ხდებოდა ჯანდაცვის სისტემაში, რა შეცდომები იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რა დავაკელით ან ჯანდაცვის სამინისტრომ, ან მთლიანად საკოორდინაციო საბჭომ, რადგან პანდემია არ არის ერთი სექტორის პრობლემა, ეს არის მრავალსექტორუული პასუხი. ყველა ქვეყანაში იმართება და მართავს საკოორდინაციო საბჭო, სადაც საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი.

დამისვეს კითხვა, იმუნიზაციაში ჩამორჩენის მთავარი მიზეზების შესახებ. მე ვუთხარი, ერთ მიზეზს ვერ დავასახელებ – მეთქი, მაგრამ სამი მთავარი მიზეზი გამოვყავი. პირველი, რა თქმა უნდა, აცრა პანდემიის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელია, წარმატებული ქვეყნები აცრის მხრივ 70-80%-ზე არიან გასული, ჩვენ 40%-ზე გავდივართ. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან დავაკელით კომუნიკაცია. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით დაახლოებით 60%, ცოტა ან ნაკლები, აცრისთვის მზად იყო. დაახლოებით 20-30% მერყეობდა, ხოლო 20% არის, რომელსაც ვერ დააჯერებ, ვერ აცრი, უბრალოდ არ იცრება. ალბათ, იმ მერყევ 30%-ს დავაკელით მუშაობა. ვფიქრობ,რომ მათთან მეტი უნდა გვემუშავა, რათა დაგვერწმუნებინა ეს ხალხი იმაში, რომ აცრა არის მთავარი, განსაკუთრებით კი, 60 წლის ზევით მოსახლეობისათვის, რადგან სიკვდილიანობის 85% ამ ასაკზე მოდის. 10% მოდის 50-დან 60 წლამდე. ამიტომ, ამ ასაკის მოსახლეობასთან მუშაობა ნამდვილად დავაკელით, მეტი იყო საჭირო. მუშაობა მხოლოდ იმ მხრივ კი არა, რომ აუხსნა, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.

მეორე არის შემდეგი: კრიტიკა არ მაკლია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კრიტიკა წამოვიდა, როცა ვთქვი, სამწუხაროდ, ჩვენი განათლებისა და თვითშეგნების დონე არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. ანუ ჩვენთან მოსახლეობის საშუალო დონე არ არის მაღალი, რომელიც აღიქვამს, რომ იმუნიზაცია მედიცინაში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, რომელსაც მილიონობით სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და კიდევ გადაარჩენს. ამაში მოსახლეობა ვერ დავარწმუნეთ.

მესამე – ეს ორი წელიწადი ქვეყანაში არის დიდი პოლიტიკური რყევების წელიწადი. ეს გავლენას ყველაფერზე ახდენს. მესმის, რომ კრიტიკა ბევრია. ოპოზიცია უნდა აკრიტიკებდეს მთავრობას, მთავრობა უნდა პასუხობდეს და ა.შ. მე ყოველთვის აპოლიტიკური პოზიცია მაქვს, არასდროს ვერევი, მაგრამ ერთი მოწოდება ყოველთვის მაქვს, მას ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი – ხომ შეიძლება ერთი თემის ირგვლივ ყველა ვიყოთ ერთიანი, ამ ვირუსმა ხომ არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია? ანუ ამ პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, რაც ქვეყანაში ამ ორი წლის განმავლობაში გრძელდება საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სწორედ იგივე პასუხში“, – აცხადებს გამყრელიძე

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი თუ აიწევა 95%-მდე, აპრილამდე 2 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

პოპულალურები