LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვისმინეთ, რომ პროკურატურას დრო სჭირდება იმისთვის, რომ ავთენტურობა შეისწავლოს.. მასალების ავთენტურობის დადგენა არის უმარტივესი: გიორგი დავითური (IDFI)

99
-IG-0519

რა დასკვნამდე მივიდა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, რა შესაძლებლობები აქვს IDFI-ს, რომლის მიხედვითაც ამტკიცებს, რომ მასალები ავთენტურია – ამ საკითხებზე IDFI-ს მედიისა და თავისუფალი გამოხმატვის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

როგორც “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ამბობს, როდესაც ჩანაწერებში გამოყენებულია კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, დეტალიზების ხარისხი, გარდა ამისა, არაერთი პირი საჯაროდ ადასტურებს მსგავსი შინაარსის კომუნიკაციის არსებობას – ამ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივია თქვა, რომ ჩანაწერები მაღალი ალბათობით არის ავთენტური.

გიორგი დავითური აღნიშნავს, რომ აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, საქართველოს პროკურატურას არ უნდა გაუჭირდეს ავთენტურობის დადგენა, მისი თქმით, ამის დადასტურება უწყებისთვის მარტივია.

„ძალიან მარტივია პროკურატურის მხრიდან შეისწავლოს ეს საკითხი. როდესაც მასალებში აწყდები სახელებსა და გვარებს, უკვე არაერთმა პირმა საჯაროდ დაადასტურა მსგავსი შინაარსის ელექტრონული კომუნიკაციების არსებობა, ასევე, როდესაც ვაწყდებით ჩანაწერებს, რომლის გადამოწმება თუ რამდენად ემთხვევა დროის გარკვეულ მონაკვეთს შესაძლებელია, ასევეა ინფორმაციის კატეგორიები, დეტალიზების ხარისხები, სახელები და გვარები – ამ მონაცემებზე დაკვირვებით ვამბობთ, რომ ეს არ არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი და მაღალი ალბათობით ეს არის ავთენტური.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე პროკურატურას დრო სჭირდება იმისთვის, რომ ავთენტურობა შეისწავლოს. ბუნებრივია, პროკურატურას დრო დაჭირდება, რომ 14 GB-ის მოცულობის ინფორმაცია შეისწავლოს, მაგრამ მისი ავთენტურობის დადგენა არის უმარტივესი. მასალებში მოხსენიებულია სახელები და გვარები. მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ სუს-თან, ამის შემდეგ კი მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ჩანაწერები არის ავთენტური“, – განაცხადა გიორგი დავითურმა.

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკით, ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მოუსმინოს, თითქმის ყველას გააჩნია, თუმცა მისი გამოყენება აუცილებელია საჯარო ინტერესების დასაცავად. თუმცა როგორც IDFI-ის წარმომადგენელი ამბობს, ამ შემთხვევაში მათი დაკვირვებით ჩანს, რომ აღნიშნული მასალები გამოყენებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პრეფერენცირების მიზნით.

„მსოფლიო პრაქტიკით ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მოუსმინოს თითქმის ყველას გააჩნია და უნდა გააჩნდეს, ეს აუცილებელია საჯარო ინტერესების დასაცავად. მაგრამ ცალკე საკითხია ფორმალურად როგორ უნდა იქნას გამოყენებული.

ჩვენი დაკვირვებით აშკარად ცხადი ხდება, რომ ეს მასალები გამოყენებულია უკანონოდ იმ თვალსაზრისით, რომ საეჭვოა სასამართლოს მსგავსი შინაარსის ჩანაწერების მოპოვებაზე ნებართვა გაეცა. ეს მასალები გამოყენებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პრეფერენცირების მიზნით. აქ არის პრობლემა და არა ის რომ სახელმწიფოს ზოგადად ეს შესაძლებლობა გააჩნია“, – განაცხადა გიორგი დავითურმა.

შეგახსენებთ, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინსტიტუტმა გამჟღავნებული მასალების სისტემური მახასიათებლები, მოცულობა, პერიოდი, სამიზნე სუბიექტთა კატეგორიზაცია და ინფორმაციის მრავალფეროვნება შეისწავლა.

მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მოპოვებულია უკანონოდ: IDFI-მ ჩანაწერები შეისწავლა