LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრჩება იმედი და განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს: დავით სერგეენკო

92
FORTUNA.GE- (4)

პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის  და ასევე, იმედს იტოვებს, რომ საქმე რადიკალურ გადაწყვეტილებამდე არ მივა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებულია თავად ნიკა მელიას გადაწყვეტილებაზე:

“გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, შეიძლება იყოს ერთადერთი – კანონიერი და სამართლიანი. აქ სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ.

იყო მოსაზრებები, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება არც სასამართლომ და არც პარლამენტმა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმა და სასამართლომაც კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს ერთადერთი გზაა. კონკრეტულად ეს ნაბიჯები რაში იქნება გამოხატული, ამას დრო გვაჩვენებს. იმედს ვიტოვებ, რომ საქმე რადიკალურ გადაწყვეტილებამდე არ მივა”. – განაცხადა სერგეენკომ.

ნიკა მელიას განცხადებას, რომ ის არ აპირებს გადაიხადოს გირაო, სხვადასხვა პოლიტიკოსი ეხმაურება:

ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მელიას განცხადება არის პროვოცირება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის წინააღმდეგ არის მიმართული.

მელია ცდილობს ჰეროიზმის მანტიით შეიმოსოს, სამართალზე მაღლა არავის დგას: მიხეილ სარჯველაძე

“არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო, ციხეში იჯდეს, ვიდრე გარეთ იყოს.” – ასე გამოეხმაურა მელიას განცხადებას პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ – ელისაშვილი მელიას გირაოს საკითხს ეხმაურება

“ნაციონალურ მოძრაობას” ნიკა მელიას საქმე შეიძლება აწყობდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენისთვის. ნიკა მელიას კი აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში.” – ამის შესახებ კი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი კი აცხადებს, რომ თუ მელია გირაოს არ გადაიხდის “ყველა ინსტიტუცია შესაბამისად იმოქმედებს, მათ შორის პარლამენტიც და პარლამენტის წევრებიც.”

“დიდი იმედია და ალბათ გაიაზრებენ, რომ არც ერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს. რაც მას კანონმდებლობით ეკისრება, უნდა შეასრულოს. ეს მთავარი საკითხია”. – თქვა  ყაველაშვილმა.

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია არის ის პოლიტიკური ნაღმი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავს 2019 წლის უკანონო გადაწყვეტილებით დაუდო და რომელზეც აუცილებლად თავად აფეთქდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები