წარმოუდგენელია შემოქმედი მუზის გარეშე, გამონაკლისი არც ვუდი ალენია, რადგან მისი ფილმების დიდი ნაწილი სწორედ ქალბატონებს, მათ უნიკალურ ისტორიებს ეძღვნება, ამიტომ საყვარელი ქალები რომ არა, არც ალენის შემოქმედება იქნებოდა. საკუთარი ფილმების გმირებთან რეჟისორს ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა ურთიერთობა უმეტესობასთან ხშირად პროფესიონალურ საზღვრებს სცდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ალფრედ ჰიჩკოკისგან განსხვავებით, რომელიც ქერათმიან ქალბატონებს ანიჭებდა უპირატესობას, ალენი არასდროს გამოარჩევდა ქალის ერთი ტიპაჟს. რეჟისორის ფილმებში ქალური სილამაზის სრული სპექტრია წარმოდგენილი – დახვეწილი ქეით ბლანშეტით დაწყებული, სამხრეთული ტემპერამენტით ცნობილი პენელოპე კრუსით დასრულებული. ზოგიერთს, მაგალითად, დაიან კიტონს და სკლარლეტ იოჰანსონს ალენი წლების მანძილზე იღებდა, ზოგიერთი კი, მათ შორის კრუსი და საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდნენ მის ფილმში. თუმცა, თითოეულმა წარუშლელი კვალი დატოვა ერთის მხრივ, რეჟისორის პირად ცხოვრებაში, მეორე მხრივ, მსოფლიო კინოს ისტორიაში.

„მსახიობთან მუშაობისთვის, მისი შეყვარება მჭირდება“, – გამოტყდა რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში და არ იცრუა, რადგან მია ფეროუსთან არა მხოლოდ ნაყოფიერი შემოქმედება, არამედ 12-წლიანი ქორწინება აკავშირებდა. მართალია, დღეს ფეროუსა და ალენის გვარები მხოლოდ სკანდალური ისტორიების კონტექსტში ხვდება ერთად (რადგან მასთან დაშორების შემდეგ ალენმა ნაშვილებ გოგონაზე სუნ-ი-პრევენზე იქორწინა, საერთო შვილმა კი, დედის გვარით არჩია ცხოვრება და უარი თქვა მამასთან ურთიერთობაზე), მაგრამ ალენისა და ფეროუს ნამუშვრები – თუნდაც, „ჰანა და მისი დები“ ან „ქაიროს მეწამული ვარდი“ პირადი უთანხმოების მიუხედავად, მაინც შედევრებად რჩება.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები