LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს“ – ზელენსკის 10 პუნქტი და მთავარი გზავნილები „დიდი ოცეულის“ სამიტიდან

74
Untitled design

დღეს ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. 

კუნძულ ბალიზე შეკრებილი G20-ის ლიდერები უკრაინის ომთან და ინფლაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ.

„დიდი ოცეულის“ ლიდერებს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს.

ბალიზე მიმდინარე სამიტზე ვიდეომიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.

„ჩვენ არ მივცემთ რუსეთს მოცდის, ძალების გაძლიერების, შემდეგ კი ტერორის ახალი სერიის დაწყების საშუალებას“, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ონლაინფორმატში სიტყვით მიმართვის დროს, ზელენსკიმ მშვიდობის დამყარების 10-პუნქტიან ფორმულაზე ისაუბრა.

„მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს – უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს..

წარმოვადგინე წინადადებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ – კონკრეტული და გულწრფელი. უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები“, – განაცხადა ზელენსკიმ და მშვიდობის უკრაინულ ფორმულის დეტალები გამოაქვეყნა.

უკრაინის შეთავაზებები, ასეთია:

  • რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;
  • სასურსათო უსაფრთხოება;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოება;
  • ყველა დატყვევებულის და დეპორტირებულის გათავისუფლება;
  • გაერო-ს წესდების შესრულება, ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
  • რუსეთის ძალების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების დასრულება;
  • სამართლიანობის აღდგენა;
  • ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ესკალაციის დაუშვებლობა;
  • ომის დასრულების დაფიქსირება.

ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით დააშანტაჟოს. ზელენსკის განცხადებითვე, რუსეთმა სადგური რადიოაქტიურ ბომბად აქცია, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ დროს აფეთქდეს.

ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოვიდა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვცადოთ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, იმისათვის, რომ  დავარწმუნოთ G20-ის ყველა პარტნიორი, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე“, – აღნიშნა მიშელმა.

მისივე თქმით, სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის დასრულების საუკეთესო გზაც სწორედ რუსეთის მიერ უაზრო ომის შეწყვეტა და გაეროს ქარტიის პატივისცემაა.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც და განაცხადა, რომ რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა.

როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია და მას აქვს შესაბამისი ძალაუფლებაც – ეს ყველაფერი შეცვალოს.

მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ საკითხებზეც და თქვა, რომ რუსეთის მიერ ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად გამოყენება მიუღებელია.

„ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც დღეს უნდა ყურადღება გავამახვილოთ, რუსეთის ქმედებებით ბევრად უარესდება.

ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს და ეს ბარბაროსული ომი დაასრულოს. ეს გარდამტეხი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის“,- განაცხადა რიში სუნაკმა.

შეგახსენებთ, ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი დღეს გაიხსნა. როგორც ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, იმედოვნებს, რომ გ20-ის სამიტი შეძლებს უზრუნველყოს პარტნიორობა, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმარება.

ცნობისათვის, „დიდი ოცეულის“ სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მის ნაცვლად სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარდგება.

მსოფლიო ლიდერები სამიტის ფარგლებში ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები