LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, ამნისტია მხოლოდ მის გამოა: შალვა პაპუაშვილი

86
შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ ამნისტია მისთვის მიუღებელია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამოა ამნისტია, რომელიც უნდა იქნას მიღებული“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოების სხვა და სხვა ჯგუფებში 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვა და სხვა შეფასებები უნდა დაიხუროს და წინ გავიხედოთ.

„რამდენჯერმე ითქვა არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დაიხუროს, გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე, ამიტომ ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს ფურცელი გადაიშალოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში არსებული ორი პუნქტი, შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ამ ორ საკითხზე მმართველი გუნდის პროექტში ცვლილებების შეტანა გამორიცხულია.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილის თქმით, „მოქალაქეებს ვერ დავახარისხებთ აქციის მონაწილეებად და სამართალდამცავებად, რადგან დაზარალებული არის დაზარალებული“. მისივე თქმით, შეთანხმებაში ასევე წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას და არა ორ მუხლს.

„შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია იყოს გონივრული მსჯელობა, საღი აზრის დონეზე განსჯა და ვფიქრობ, თუკი ჩვენი ოპონენტები ამ კრიტერიუმებით მიუდგებიან ამ საკითხს, მხარს დაუჭერენ ჩვენს კანონპროექტს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.