“ნამოხვანჰესის” პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება,” – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავასა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან ერთად მიიღეს, რომელიც “ნამოხვანთან” დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.

„შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს “ნამოხვანიჰესის” პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

“აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შესწავლა მოხდეს. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განიხილოს ყველა ლეგიტიმური კითხვა…” – ვკითხულობთ განცხადების ტექსტში. 

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და “ნამოხვანიჰესის” პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

“ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი “ნამოხვანიჰესის” პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები