უკრაინაში მიმდინარე ომის 11 თვის მანძილზე, მსოფლიომ სოციალური ქსელიდან არაერთი ადამიანის პირადი ტრაგედიის, გმირობის თუ სიმამაცის შესახებ შეიტყო.
რუსი სამხედროების მიერ ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური თავდასხმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე, 14 იანვარს განხორციელდა.
დაბომბვიდან 20 საათის შემდეგ სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ფოტო – როგორ ამოჰყავთ დანგრეული შენობიდან ქალი, რომელმაც, უკრაინული მედიის ცნობით, ნანგრევებში 20 საათი გაატარა.
„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს
ქალი 27 წლის კატერინა ზელენსკა აღმოჩნდა, რომელსაც არ შეეძლო, მაშველებისთვის დახმარება ეთხოვა – მოგვიანებით, კატერინას დამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ბავშვობიდან სმენის არმქონეა.
„ეს კატიაა – ჩემი და! ის მხოლოდ დღეს დილით იპოვეს და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალია. იმ დაწყევლილ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. დახმარების თხოვნაც არ შეეძლო, რადგან ბავშვობიდან სმენადაქვეითებულია. კატერინას ერთი წლის შვილს და ქმარსაც ეძებენ! ღმერთს ვთხოვთ, ისინი ცოცხლები და უვნებელი ამოიყვანონ“, – წერს ალინა ზელენსკა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კატერინა ნანგრევებს შორის იჯდა და ცდილობდა, ხმაური გამოეწვია.