რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „დიდი რელიზის“ სტუმარია ნატალია ნაყოფია, რომელმაც გადაცემაში ახალი სიმღერის Need a chance შემოგვთავაზა.
ნატალია ნაყოფია:
მე და ჩემი გუნდი განსაკუთრებულად ვზრუნავთ იმაზე, რომ მაღალი ხარისხის ნამუშევრები დავდოთ. არანჟირებასა და ფროდაქშენს აკეთებს ბორიკო შხიანი, ჩაწერასა და მიქსინგს, – ალეკო ბერძენიშვილი „ბრავო რეკორდსში“. ის სიმღერები, რომლებიც ახლო მომავალი გამოქვეყნდება, ბორიკოსა და ალეკოს ნამუშევარია. ისინი ჩემი მუსიკალური ოჯახის წევრები არიან. მე ბავშვობიდან ვწერ მუსიკას, ტექსტებს. თავიდან დაწყება მეშინოდა, არ ვიყავი დარწმუნებული. იმდენად მაკლდა ეს ყველაფერი, რომ შიში წინ ვეღარ დამიდგა და პირველი ნაბიჯი გადავდგი. „ბერკლიში“ განათლების მიღება ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. გავარკვიე, რისი კეთება მომწონდა.
შენი სტილი და ჟანრი არის „არ ენ ბი“, რომელი მუსიკოსია შენთვის შთაგონების წყარო?
უამრავი არტისტი მომწონს, პოპიდან და არ ენ ბიდან დაწყებული, ანდერგრაუნდით დამთავრებული. ნაკლებად ცნობილი არტისტებიდან ვიღებ ინსპირაციას, არიანა გრანდეს ვუსმენ, სიზას, დუა ლიპაც მომწონს. ბევრი არტისტია, ვინც ძალიან მომწონს. სხვათა შორის, ძალიან ახლოს ვარ ფოლკლორთან, მიყვარს ექსპერიმენტები, ახალი ჟანრების მოსინჯვა. მიყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ახალ ალბომში ვრეპავ კიდეც. ჩემი ქართული სიმღერის პრემიერას აუცილებლად თქვენთან გავაკეთებ.
რას იტყვი შენს პირველ სინგლზე?
საერთოდ არ ვნანობ, პირველად სწორედ ეს სიმღერა უნდა შემეთავაზებინა მსმენელისთვის. კარგი გადაწყვეტილება იყო. ვიღაცას გულზე მოხვდა და არ მოეწონა, ვიღაცას მოეწონა. ჯანსაღ კრიტიკას მუდამ ვიღებ და ბევრს ვითვალისწინებ.
ხშირად ინტერესდებიან, რატომ არ ქმნი მუსიკას საზღვარგარეთ…
ზოგჯერ მეც ვარ ხოლმე იმედგაცრუებული, როცა საქართველოში ფიდბექი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, აბა, ვინ უნდა გააკეთოს…თუმცა მომავალში ვგეგმავ გლობალურ ასპარეზზე გასვლას.
აპირებ დუეტების ჩაწერას?
ძალიან მინდა სოფო ბათილაშვილთან და ქეთი ორჯონიკიძესთან დუეტების ჩაწერა. ისინი ახლო მეგობრები და კოლეგები არიან ჩემთვის.