LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „ჩვენ ისეთი ერი ვართ, თუ მათრახი არ მოარტყი, კი ვხედავთ, რა ხდება. მიშა მიჯირყვნიდა ამ ეპიდემიოლოგებს ერთ-ერთ შეხვედრაზე და მოსთხოვდა გეგმას, რომ ხალხს არ ეზარალა…“

101
natodumbadze345

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე.

ახლახან მან დაწერა, რომ ხმა ჯერ ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მისცა, თუმცა ქვეყნის მმართველებად ეპიდემიოლოგების ტრიო შერჩა.

fortuna.ge-სთან მან უფრო ვრცლად ისაუბრა ამ მოსაზრების შესახებ.

ნატო დუმბაძე:

ყველაფერზე ეპიდემიოლოგები გვესაუბრებიან, მათ შორის, ქვეყნის მდგომარეობაზე, გახსნასა და ჩაკეტვაზე. მესმის, რომ ინფექციის გარკვეული მატებაა, მაგრამ ქვეყანა ხომ იღუპება? რაღაც ჯგუფი ხომ უნდა არსებობდეს და მოგვცეს იმედი, რომ ეს მორჩება და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ამის არანაირ იმედს არ გვაძლევენ. ამბობენ, რომ ვაქცინა უნდა გავიკეთოთ. კი ბატონო, მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ 21-ე საუკუნეა და ინფორმაცია არ იმალება. ეპიდემიოლოგებს მაგალითად მოჰყავთ, ისრაელმა რა შემოიღო, სამაგიეროდ, ისრაელი თავის მოქალაქეს ევროს უხდის, აკვირდება, ესენი კი ამოკრებენ იმას, რაც აწყობთ, იმაზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა ასე ვეღარ წავა სახელმწიფო წინ. ყველაფერი ჩამოინგრა. ადამიანებს ბიზნესი აღარ აქვთ. გუშინ ლევან რატიანის ვიდეო ვნახე, სისხლის ჩაბარების შესახებ, ტრანსპორტი გაჩერებულია და 28 ლარად აღარ უღირს ადამიანს იქ მისვლა და სისხლის ჩაბარება, რადგან ეს თანხა ტაქსიში უნდა გადაიხადოს და ოჯახში ვერ შეიტანს. მე მივესალმები ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის საფეხბურთო მატჩი, მაგრამ ესეც მგონია, რომ სპეციალურად გააკეთეს – დაუშვეს ათასობით ადამიანი და მერე იტყვიან, რომ ქალაქების ჩაკეტვაა აუცილებელი. დააბრალებენ ისევ ხალხს, რომ მათ არ დაიცვეს რეგულაციები. რას ნიშნავს ფეხბურთზე რეგულაცია? 7000 ბილეთი რომ გაიყიდება, ამას უშველის რეგულაცია?

ალბათ, ღია ცის ქვეშ რადგან იმართება, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი შემამსუბუქებელი მიზეზი

მაშინ კონცერტებიც ჩაატარებინონ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც ღია ცის ქვეშ, თუ ეს არის გამართლება. საშინელ მდგომარეობაშია ყველა, ვისაც სხვა შემოსავალი აქვს, ვერ გეტყვით, ვისაც არ აქვს, ბოლო-ბოლო ამ თურქული სერიალების ყიდვას, სახელმწიფომ დააფინანსოს პროექტები, რომლებიც მათ მაგივრად გავა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში. გადაუხადონ ჰონორარები მსახიობებს, მომღერლებს, მუსიკოსებს – მაშინ არ მექნება პრეტენზიები.

ახლა „შემოადგებინეს“ თავიანთ აქტივისტებს ახალი თემა, თურმე გერმანიამ უნდა მიიღოს კანონი, რომლითაც დაყოფს ხალხს ვაქცინირებულებად და არავაქცინირებულებად. ამ საწყალ საქართველოში კიდევ ადამიანებს შორის შუღლის ჩამოგდება შეიძლება?!

ნატო, რეგულაციებიდან არაფერს მიესალმებით?

ძალიან კარგად შეუძლიათ, დაამატონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ახლა ჭყლეტვაა. ეს არის მათი მისია – მოქალაქეებს უნდა გაუუმჯობესო ყოფითი პრობლემები, რომ ტრანსპორტმა მაინც იმუშაოს. ღია ცის ქვეშ არის ფეხბურთიო და სასაფლაო გადახურულია?!.

თუკი იმატებს ადამიანების სიკვდილიანობა და კორონის შემთხვევები და ადამიანებს არც ვაქცინის გაკეთება სურთ, მაშინ სხვა რა გამოსავალს ხედავთ?

როგორც სახელმწიფო იმუშავებს, ასევე ხალხმაც უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და დაიცვას წესრიგი. ან ეს მაისის არდადეგები რაში ეწერა, რომელი ჩვენგანია ასეთი დაღლილი? კარგი, თავად დაიღალნენ და შვებულება მოუნდათ, მაგრამ ქვეყანა რატომ ჩაკეტეს, ხალხმა რითი იცხოვროს? ვიღაცას აქვს და ღმერთმა შეარგოს, მაგრამ რა დანაზოგი აქვთ უბრალო ადამიანებს? კეტავ ქვეყანას, რომ ორი კაპიკიც ვერ შეიტანონ ადამიანებმა ოჯახში?

გამოსავალზე მეკითხებით? ისინი არიან მთავრობაში და დასხდნენ, მოიფიქრონ გამოსავალი. არ უნდა უსმენდნენ ეპიდემიოლოგებს, რადგან ისინი არ არიან ეკონომისტები, მხოლოდ თავის ჯიბეში იყურებიან. ქვეყანა რომ გადააყოლეს ამ პოლიტიკურ კინკლაობას, ხალხისთვის რა გაკეთდა? ბანკებმა რაიმე შეღავათი გაგვიკეთეს? სპეციალური სამსახურია გამოყოფილი, რომელიც ფასების ზრდას აკონტროლებს? მინდა ვკითხო, რა არის გაკეთებული?

თქვენ მათ ეკითხებით, როგორც მათი აქტიური მხარდამჭერი?

დიახ!.. მაგრამ აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ცხოვრებაში არჩევნებზე აღარ წავალ. გამორიცხულია. თითს არ უნდა მიქნევდეს ეპიდემიოლოგი და ფსიქოლოგიურად მოქმედებდეს ადამიანებზე. ეს აცრაც ხომ ნებაყოფლობითია ჯერჯერობით, რატომ აპირისპირებ ადამიანებს?!

მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გეწერათ, რომ მის ჩამოსვლას შეიძლება მიესალმოთ.

როგორც ჩანს, მათრახი ზოგადად ყველას უხდება. ჩვენ ისეთი ერი ვართ, თუ მათრახი არ მოარტყი, კი ვხედავთ, რა ხდება. მიშა მიჯირყვნიდა ამ ეპიდემიოლოგებს ერთ-ერთ შეხვედრაზე და მოსთხოვდა გეგმას, რომ ხალხს არ ეზარალა. ასე ვფიქრობ. არაფერი ხდება ამდაგვარი, რომ ვნახოთ, შეხვედრებია, რაღაცაზე ფიქრობენ. იმას კი არ ვამბობ, რომ კორონა არ არსებობს და არც ანტივაქსერი ვარ. მე რაც მაინტერესებს, არის ხალხის კეთილდღეობა. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ცუდად ცხოვრობს. აქამდე ითმინეს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ყოველდღე გამოდიან და მეუბნებიან, – დაყოფა, შეზღუდვა…

დარწმუნებული ვარ, რომ კორონა სამი წლის წინ გადავიტანე. თვენახევარი მდგომარეობიდან ვერ გამოვედი და ზუსტად მახსოვს ის სიმპტომები, რომლებიც კორონას სიმპტომებს ემთხვეოდა. არც გემო მქონდა, არც ყნოსვა. ერთი თვე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ისეთი სისუსტე მქონდა, თვენახევარი ვერ ავდექი. ხველა გამყვა რამდენიმე თვე. მაშინ მიშველა ერთმა ანტივირუსულმა წამალმა, რომელიც გაქრა და ვერსად იშოვი ახლა. ვიცი, რაც არის ეს კორონა, მაგრამ გამოვძვერი…

თუმცა ბევრმა ვერ გადაიტანა და ათასობით ადამიანი დაიღუპა თუნდაც საქართველოში

მესმის… ჩემი აზრით, ამ პროცესს აკლია კრიზისმენეჯერობა და მართვა, თორემ იმას კი არ ვამბობ, არიქა, გახსენით ყველაფერი-მეთქი. თუ ჩაკეტავ, ხალხს უნდა მისცე საშუალება, რომ იარსებონ. მეტი მე რა პრეტენზია მაქვს. უნდა იცოდნენ თავიანთი საქმე, ოღონდ კარგად და აგრესიულად არ უნდა ელაპარაკონ ხალხს.

რადგან სტადიონის ამბავი დაუშვეს, როგორც დაუშვეს, ისე მოიქცა ხალხიც. ახლა დააბრალებენ ამ ხალხს და ზაფხულში კონცერტებს აღარ ჩაატარებინებენ. მე რომ რამეს ვწყვეტდე, რჩევებს მივცემდი, ჩემი პროფესიის განხრით. თუკი სტადიონზე შვიდი ათას კაცს დაუშვებ, 2000 მაინც დაუშვი ასევე ღია სივრცეში, თუნდაც ბათუმში? კარგი ამინდები მოდის და დაგეგმონ, ბათუმის მერიას გამოვაყოფინებდი სივრცეებს და მივცემდი საშუალებას შოუბიზნესის წარმომადგენლებს, რომ კონცერტები ღია ცის ქვეშ ჩაეტარებინათ. სტადიონზე ვინც იყო, ისინი ამბობდნენ, შევიგრძენით, რომ ცოცხლები ვართო. სხვასაც მისცენ ამის შეგრძნების საშუალება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები