ნატოსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური სააგენტო „გლობალ ნიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანადის ხელისუფლებამ უკრაინაში სპეცდანიშნულების ჯგუფის გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ მიმართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და რუსული ძალები კვლავ უკრაინის საზღვართან დარჩნენ.
როგორც „გლობალ ნიუსს“ წყარომ განუცხადა, სპეცრაზმის გაგზავნა უკრაინაში არის ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილი, შეაკავონ რუსეთის აგრესია უკრაინაში და განსაზღვრონ გზები უკრაინის დასახმარებლად.
სპეცდანიშნულების რაზმის ამოცანა ასევე იქნება, შეიმუშაოს ევაკუაციის გეგმა კანადის დიპლომატიური პერსონალისთვის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი, ქვეყნის სუვერენიტეტისადმი კანადის მხარდაჭერის დასადასტურებლად, უკრაინაში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება.
„უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო დანაყოფებისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. საჭიროა ამ აგრესიული ქმედებების შეკავება.
კანადა იმუშავებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, ასევე უკრაინელების ადამიანის უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, – განაცხადა ჯოლიმ.