LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოში აფხაზეთით და ცხინვალით შესვლას გვთავაზობენ – ნუ ავრცელებთ “ანტინატო” განწყობებს

897
130617c-003

საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური და პოლიტიკოსებისა თუ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის დღის მთავარი თემაარას გვთავაზობს ნატო, როგორია ალიანსის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და რას ნიშნავს მეხუთე მუხლი, რომელიც გაწევრიანების შემთხვევაში ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდება.

რადიო „ფორტუნა“ დღის თემაზე დილიდან მუშაობს და ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ელოდება. უწყებაში გვითხრეს, რომ განცხადება არაერთხელ გაკეთდა და ინფორმაციას მეილზე მოგვაწვდიან. მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მანამდე კი რადიო „ფორტუნა“ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, პოლიტიკურ გამოხმაურებებს და განმარტებებს მოგაწვდით.

ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს თბილისში კიდევ ერთხელ წამოწია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და აღნიშნა, რომ ეს უკვე ქართველების, საქართველოს გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა მათ შეთავაზებას.

ნატო გვთავაზობს: გაწევრიანდეს საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებით, იგულისხმება ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდება.

რას ნიშნავს მეხუთე მუხლი და რატომ გაჩნდა კითხვები, ხომ არ ნიშნავს ეს, აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას – არა, არ ნიშნავს.

მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა გულისხმობს, რომ ის ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ომის შემთხვევაში ნატოს სახელმწიფოები დაგვეხმარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა აფხაზეთისა და ცხინვალისა.

„პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. თუ თქვენ კითხულობთ ყოველწლიურ პროგრამებს, საქართველო თითქმის ყველა პირობას ასრულებს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები საზღვრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს ვეტოს უფლებას, ეს მან არ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა საქართველო ნატო. ეს საქართველოს მთავრობის და ნატო საბჭოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ის ამბობს, რომ პუტინს თავისი თამაშების გაგრძელება შეუძლია, მაგრამ რასმუსენის თქმით, ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ.

„ამით ჩვენ შევძლებთ კრემლისთვის ცხადი სიგნალის გაგზავნას, არ გააგრძელოს ეს გზა, რადგან პოზიტიური განვითარება არ ექნება მისთვის“, – განაცხადა რასმუსენმა.

ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა პარლამენტარმა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ არასწორია, თითქოს აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე შესვლა იგეგმება. „ჯერ გარკვეულიყავით საკითხებში და მერე გაგეკეთებინათ კომენტარები. აქაც იმედია, მიზანმიმართულად არ უწყობთ ხელს ანწინატო განმწყობების გაღვივებას“, – აცხადებს ვოლსკი.

ამავე თემაზე თსუ-ს პროფესორი კონსტატინე შუბითიძე აცხადებს, რომ ეს ან განზრახ მავნებლობაა, ან ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა.

რასმუსენს არ უქვამს, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე ნატოში შესვლაზე დაიწყეთ დისკუსიაო. საუბარია ძველ ინიციატიავზე, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთით და ცხინვალით, შევიდეს ნატოში, მაგრამ კონფლიქტების მოგვარებამდე, ალიანსის მე-5 მუხლი ანუ კოლექტიური თავაცვა არ გავრცელდეს კონფლიქტურ ზონებზე. ამ ინიციატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გაუმარტივდებათ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე დათანხმება და უაზრო არგუმენტები გამოეცალოთ ხელიდან“, – ამბობს შუბითიძე.

რადიო „ფორტუნას“ ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროდან უპასუხეს, თუმცა დღის მთავარ თემაზე, რაზეც ჩვენ კომენტარი ვითხოვეთ, მხოლოდ ორი წინადადება წერია: “საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვით”. დანარჩენ ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

“უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ ალიანსი ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და გაიყვანოს შეიარღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს გზავნილები უცვლელად აისახება უკანასკნელი წლების განმავლობაში ნატო-ს მიერ მიღებულ ნებისმიერ კომუნიკესა თუ დეკლარაციაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. აღნიშნული გადაწყვეტილება წლების მანძილზე მეორდება ნატო-ს ყველა ოფიციალურ დოკუმენტში. შესაბამისად, ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით ურყევი და ცალსახაა.

რასაკვირველია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები