LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა სებისკვერაძე თემურ წიკლაურზე საინტერესო ამბავს იხსენებს: „ვუყურებდი და ვტკბებოდი, რამხელა სიყვარულს იღებდა და უზიარებდა ადამიანებს…“

5357
temurwiklauri20212221

მომღერალი ნეკა სებისკვერაძე თემურ წიკლაურის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს, რომელიც საქართველოში მასთან მოგზაურობისას გადახდა თავს.

„…2019 წლის 11 აგვისტოს, დილით, თავისი მანქანით გამომიარა და გავემგზავრეთ იმერეთში, კონცერტი გვქონდა ჭიათურისკენ, თვალუეთში. მთელი გზა ბევრი ვისაუბრეთ მუსიკაზე, ურთიერთობებზე, მისი შემოქედებითი ცხოვრების გამორჩეულ ისტორიებზე, მის მიერ შესრულებულ როლებზე, საოცარი იუმორი ჰქონდა, ბევრიც ვიცინეთ გზაში.  ნიყვის სეზონი იყო და  მითხრა: აქედან ისე ვერ დაგაბრუნებ სახლში, ნიყვი რომ არ გიყიდოო,  გადაწყვიტა, გზად შეგვევლო საჩხერის ბაზარში, ეს ცალკე მოსაყოლია, თუ როგორ შეხვდა იქ მომუშავე პერსონალი თავის საყვარელ მომღერალს, მინდოდა გადამეღო, მაგრამ მომერიდა  ტელეფონის ამოღება, ბევრმა მათგანმა უმღერა მისი სიმღერები, დაასაჩუქრეს და  ბევრი ტკბილი სიტყვა უთხრეს,  ვუყურებდი და ვტკბებოდი, რამხელა სიყვარულს იღებდა და უზიარებდა ადამიანებს. მანქანაში რომ ჩავსხედით მითხრა, აი, ამად ღირს ცხოვრებაო!

მისაბაძი პიროვნება იყო, არ მახსენდება, ვინმეზე აუგი ეთქვას, ყველაში პოზიტივს ხედავდა, ყველაფერს გამართლებას უძებნიდა. უდიდესი პროფესიონალი იყო, უსმენდი და გრძნობდი, რომ ყველა ძარღვი უმღეროდა, მუსიკა იყო მისი არსი! თვალუეთში მისი დანახვა ყველაზე მეტად გაეხარდა მსმენელს, მთელი გულით უმღერა მათ!

მახსოვს, სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრებს ვუთხარი, კონცერტმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ამ გასტროლის მთავარი ხიბლი ბატონ თემურთან ერთად მგზავრობა და მასთან გატარებული წუთები იყო-მეთქი… დღეს კი უფრო ძვირფას მოგონებად იქცა ეს დღე…

ნათელში იყოს მისი სული…

ჩემი დიდი სიყვარული ჩემს საყვარელ თემურ წიკლაურს .

ვუსამძიმრებ მის არაჩვეულებრივ ოჯახს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები