LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

1125
BeFunky-collage (13)

ლექსო ლაშქარავას საქმეს მალე  შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ კითხვას აჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შუალედური დასკვნა, რომლის გაკეთება სიმონიშვილის განცხადებით, შეიძლება მაშინ, როდესაც ყველა მტკიცებულება არის გამოკვლეული.

“მას შემდეგ, რაც ვნახავთ, რომ შსს-მ რაღაც ბოლომდე არ გააკეთა და კითხვები დატოვა, ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”- თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მან ლექსო ლაშქარავას ცხედრის “გატაცებაზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, გამოძიებას აქვს უფლება, თანხმობის გარეშე ცხედარი გადაასვენოს, მაგრამ ამას წინასწარი პროცედურული უზრუნველყოფა სჭირდება.

თუმცა, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხდა.

“მე არ ვამბობ, იმას რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოყვა მის ცემის ფაქტს, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მაგრამ აქ საინტერესო დეტალებია.

როდესაც შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე, 10:55 საათი იყო. მე დამირკეს და მითხრეს, რომ ოჯახს სურდა ადვოკატთან კონსულტაცია.

ზოგადად, საგამოძიებო ორგანოებს ნებართვის გარეშეც აქვთ უფლება გადაასვენონ, მაგრამ უნდა იყოს ზოგადი წესები და პრინციპები დაცული, რაც გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, უფლება ჰქონდა მიეღო ადვოკატისგან კონსულტაცია, ადვოკატს კი შესაძლებლობა მისცემოდა დასწრებოდა თითოეულ წამს საგამოძიებო მოქმედებების. ამ პროცედურებზე სრულად დასწრების შესაძლებლობას ოჯახი მოკლებულიყო.

ნოდარ მელაძე იყო ადგილზე და ვუთხარი, რომ სახლიდან გამოვდიოდი და იქ მისვლას ვაპირებდი. ზუსტად ამ დროს, ლექსოს ცხედარი მოიტაცეს, შეიძლება ასე ითქვას, მე გზაში ვიყავი და ვუთხარი მოეცადათ.

ლექსოს ცხედარი დაახლოებით, 11:10 საათისკენ გაიტაცეს. დაახლოებით, სამი საათისკენ დაიწყო ექსპერტიზა, სწორედ ამ მომენტიდან განახლდა წვდომა. დაახლოებით, თითქმის 4 საათი ჩვენ ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია. რა შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში მომხდარიყო, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანს გვიჩენს.

ცხედრის გადასვენების უფლება ნებართვის გარეშეც აქვთ, მაგრამ რატომ არ ელოდებიან ადვოკატს, რატომ იტაცებენ ასე სწრაფად, რატომ ეჩქარებათ, ეს რა თქმა უნდა, კითხვას აჩენს. 4 საათი რა ხდებოდა ლექსოს ცხედართან მიმართებით, არ ვიცით. რაიმე მანიპულირება თუ შეიძლება მომხდარიყო მის სხეულთან მიმართებით, ესეც ასევე კითხვის ნიშანს აჩენს” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ “შსს-მ ორ დღეში კოლოსალური სამუშაო შეასრულა და ამით შუალედური დასკვნა დადო, მაშინ როდესაც პასუხი კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება უნდა გასცეს კომპლექსურმა ექსპერტიზამ”.

“ფაქტობრივად, მთელი შსს ამ მტკიცებულების მოძიებაზე იყო გადართული. ჯერ ერთი მტკიცებულებების ავთენტურობაა შესამოწმებელია და ასეთი წინასწარი შეფასების გაკეთება არასერიოზულია. ამას შსს იმ საქმეებთან დაკავშირებით აკეთებს ხოლმე, სადაც კითხვები ძალიან ბევრია. ამ საქმეში, ბევრ კითხვას გააჩენს ის ოთხსაათიანი ჩავარდა, როდესაც ჩვენ არ გვქონდა ცხედართან მიმართებით წვდომა” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები