LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ნანიტაშვილი საქმესა და პირადზე: „არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს არ გაუხარდებოდა, მაგრამ ჩემთვის შოკი იყო…“

3824
nikonanitashvili

ნიკო ნანიტაშვილი „რუსთავი 2“-ზე ღამის შოუს წამყვანია. თავიდანვე, როდესაც ეს შეთავაზება მიიღო, ფიქრობდა, რომ მაყურებლისთვის გარკვეული სიახლე შეეთავაზებინა. პოლიტიკური დაძაბულობის გამო მისი შოუ ჯერ მხოლოდ ხუთჯერ გავიდა ეთერში, რაც, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ხელს უშლის, თუმცა იმედი აქვს, საკუთარ ერთგულ მაყურებელს მალე შეიძენს.

ნიკოს მეუღლე მანანან ბერიკაშვილის ქალიშვილი, ანო მაისურაძეა. მსახიობს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მანანა ბერიკაშვილის სიძეობა მისთვის გარკვეულ შემთხვევებში ხელის შემშლელი ფაქტორიც კი აღმოჩნდა.

ნიკო fortuna.ge-ს კითხვებს გულწრფელად პასუხობს.

ნიკო, ალბათ, ძალიან დიდი გამოწვევაა თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, საკუთარი იუმორისტული შოუ… ამ ჟანრის გადაცემები საქართველოში წლებია, პოპულარულია. როცა შეთავაზება მიიღეთ, რისი გაკეთება გსურდათ და როგორი შედეგი გაქვთ ახლა?

ვინც, იცის, ვარ მსახიობი. არ ვყოფილვარ არც „კავეენის“ მოთამაშე, არც წამყვანად ვყოფილვარ კომედიური ჟანრის გადაცემაში. თეატრში, რასაკვირველია, შეიძლება მომიწიოს როგორც კომედიური, ასევე დრამატული როლების შესრულებამ, მაგრამ ეს სხვაა.

ტელევიზიებთან მქონდა შეხება, როგორც მსახიობს, გადაღებებსა თუ რეკლამებში მონაწილეობის კუთხით. ორი წელი გახლდით „პოსტივის“ დილის გადაცემის წამყვანი და შემდეგ მივიღე შეთავაზება „რუსთავი 2“-დან… არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს არ გაუხარდებოდა, მაგრამ ჩემთვის შოკი იყო. არც ერთი წამი არ ველოდები ასეთ შემოთავაზებას. შემდეგ ამაზე ფიქრი რომ დავიწყე, პირველი რა თქმა უნდა დათო გოგიჩაიშვილი გამახსენდა, რომელმაც ეს ჟანრი საქართველოში შემოიტანა. ჩემი სუბიექტური აზრით და შეიძლება, ვიღაც დამეთანხმოს, ვიღაც არა, მაგრამ ჩემთვის ამ საქმეში ის დღემდე პირველად რჩება, ქართულ ტელესივრცეში. იქიდან მოყოლებული დიდ პატივს ვცემ „ღამის შოუებს“, ბევრი გადაცემა მინახავს.

ჩემ შემთხვევაში ვფიქრობდი, რომ ნიკოს ღამის შოუ უნდა ყოფილიყო უფრო მეტად არტისტული, სადაც წამყვანი თავად იქნებოდა ჩართული სხვადასხვა მუსიკალურ თუ ქორეოგრაფიულ ნომერში. აქამდე არ ყოფილა წამყვანზე ასეთი აქცენტირებული შოუ, თუკი არ ჩავთვლით ბოლო წლებში რეიტინგის პირველ ადგილზე მყოფ გიორგი გაბუნიას, რომელიც ამ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

როცა იყო საუბარი, რა სიახლის შეთავაზება შეგვეძლო, ჩემამდეც უკვე იყო გამოკვლეული, რა წერს რეიტინგს ქართულ ტელესივრცეში, ბევრი ექსპერიმენტია შესაძლებელი, თუმცა აქ რისკიცაა, არ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხაზს გადაგისვამს.

ვინც პირველი ხუთი გადაცემა ნახა, შეამჩნევდა, რომ მე ვარ აქტიურად ჩართული გადაცემაში, ვცდილობ, მივიწყებული, მაგრამ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი კომპოზიციები გავაცოცხლო და ხალხს კიდევ ერთხელ გავახსენო ის ლეგენდარული არტისტები, მოღვაწეები, მსახიობები და მუსიკოსები, ვინც ძალიან უყვარს, თუმცა ცოტა არ იყოს, უყურადღებოდ გვყავს დატოვებული. წინ ბევრი სიახლეა, მთავარია, ამის საშუალება მომეცეს ზოგადი ფონიდან გამომდინარე. პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე რამდენიმე გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, რაც სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მიშლის ხელს – როცა ახალი დაწყებული გაქვს საქმე და პირველ ნაბიჯებს დგამ, მით უმეტეს, „ღამის შოუს“ მიმართულებით, ცუდია, როცა ყოველი მეორე გადაცემა „გიფუჭდება“ და ვერ გადის ეთერში, სრულიად გასაგები და მისაღები მიზეზების გამო. იმედი მაქვს, სიახლეები, სიურპრიზები, გამოცდილება წინ მაქვს და ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფრით მოვიზიდავ ერთგულ მაყურებელს, მექნება სასურველი რეიტინგი.

გიორგი გაბუნია ახსენეთ. ის თქვენი პროდიუსერია?

არა, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი თემაა, რომ ერთი და იგივე საპროდიუსერო ჯგუფი აკეთებს ჩემს შოუსაც და გიორგი გაბუნიას შოუსაც. ჩემი პირდაპირი პროდიუსერი არის ზვიად ბლიაძე. ყველა ის სცენარისტი, ვინც ამ ჯგუფშია, მუშაობს ერთი საქმისთვის, რომ ხალხს მოაწონოს გადაცემა და შესთავაზოს ის პროდუქცია, რაც მოეწონებათ, შეიყვარებენ და ესიამოვნებათ.

ჩემს შოუს სცენარისტების თავისი ჯგუფი ჰყავს, გიორგის – თავისი და ნოე ჟორჟოლიანს – თავისი. ჩვენ ერთმანეთის ხუმრობებს არ ვიპარავთ. არც მე არ მეთქმის, რომ ვარ ვიღაცის პროდიუსერი, ნოესი თუ გიორგისი და არც პირიქით ითქმის. ყველა მუშაობს საკუთარი გადაცემისთვის.

ეს, როგორც მივხვდი, უხერხულობას არ გიქმნით, კონკურენციის განცდა როგორია?

უხერხულობა არ არის, კონკურენციის განცდა კი ჯანსაღია, რისი მნიშვნელობაც ამ ბოლო დროს რატომღაც დავივიწყეთ საქართველოში. კონკურენციას ყველა აღიქვამს, როგორც მტრობას, რაც არასწორია. ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა არხზე გავაკეთოთ ის პროდუქტი, რომელიც იმ არხს ეკადრება. კონკურენცია, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ჯანსაღი. ჩვენ, პირველ რიგში, ვცდილობთ, ტელეკომპანია „იმედს“ თუ „რუსთავი 2“-ს ჰყავდეს ის მაყურებელი, რომელიც ყოველთვის ჰყავდა და მას შევთავაზოთ კარგი პროდუქცია.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მანანა ბერიკაშვილის სიძეობა რამდენიმე შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა თქვენთვის…

პირველ გადაცემაში ჩემი სიდედრი, მანანა ბერიკაშვილი მყავდა სტუმრად. მან ეს დაუმალავად აღნიშნა და შემდეგ ამა თუ იმ გამოცემაში გარკვეული ინტერპრეტაციით დაბეჭდეს. რამდენიმე ფაქტის შესახებ ისაუბრა, რაც ჩემთვისაც კი უცხო იყო, რადგან მანანა არ მიიჩნევდა საჭიროდ, რომ მათ შესახებ მცოდნოდა. თურმე მოხდა რამდენიმე ფაქტი, როცა კულტურის მინისტრის მოადგილეობისას ცდილობდა, ჩემთვის სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით ხელი შეეწყო, მაგრამ არ გამოვიდა…

როცა მე მანანა ბერიკაშვილის სიძე გავხდი, უკვე მქონდა ჩემი თეატრალური წარსული, ვიყავი სახელმწიფო თეატრში და მქონდა ნათამაშები როლები. მიუხედავად ამისა, დღემდე მაინც ყველა ლაპარაკობს, რომ მე მანანა ბერიკაშვილის წყალობით მოვხვდი დილის გადაცემაშიც, „რუსთავი 2“-შიც. ვინც დაიჯერებს, დაიჯერებს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.

ეს საუბრები თქვენთვის გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა…

ქმნიდა კიდეც, მაგრამ ხუმრობით არაერთხელ მითქვამს, მაინც ლაპარაკობენ და მოდი, გამიკეთე-მეთქი (იცინის). ამ ყველაფერს სერიოზულად რომ შევხედო, შეიძლება, ყველაფრის ხალისი დავკარგო, ამიტომ ვუყურებ ხუმრობით. მოტივაციაა ჩემთვის, რომ ხალხს დავუმტკიცო, ჩემით ვაღწევ ყველაფერს და თუკი დღემდე რამეს მივაღწიე თეატრალურ თუ ტელესივრცეში, ჩემით მივაღწიე. თუმცა ტელესივრცეში ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს და 6-7- წლის შემდეგ მექნება სათქმელი, რომ რაღაც გავაკეთე.

ქალბატონმა მანანამ სცადა ხელშეწყობა, მაგრამ არ გამოვიდაო, აღნიშნეთ…

სამწუხაროდ, მსახიობებს იმის მიხედვით აფასებენ, ვისთან, სად თამაშობს და რომელ ტელევიზიაში გადაიღებენ. ბევრი ტელევიზიის სერიალში მითამაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ რომელიმე პოლიტიკური სივრცის მიმდევარი ვარ. თუკი მსახიობი პირდაპირ აცხადებს, რომ ვინმეს მომხრეა, ეს მისი პირადი არჩევანი და განცხადებაა, მაგრამ მე ვარ უბრალოდ მსახიობი და ყველასგან განვიხილავ შემოთავაზებებს, ნებისმიერი ტელევიზიიდან თუ ადამიანისგან, რადგან პროფესიულად მაინტერესებს. არ უნდა მომაწებონ იარლიყი, რომ ვინმეს მიმდევარი ვარ, რადგან ასე არ არის. მინდა, ჩემი საქმე გავაკეთო და გამიხარდეს მეც, ჩემს ოჯახსაც და მაყურებელსაც.

რაც შეეხება მანანა ბერიკაშვილის ხელშეწყობას, ამის მაგივრად პირიქით გამოვიდა, რამდენიმე პროექტში მხოლოდ იმიტომ ვერ მოვხვდი, რომ მანანა ბერიკაშვილის სიძე ვარ. ამაზე ყურადღების გამახვილება აღარ ღირს, რადგან როგორც ვხვდები, ეს იარლიყი ბოლომდე მექნება, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. ჩემთვის უფრო, საბედნიეროდ (იღიმის). როცა ამ ნაბიჯს ვდგამდი, აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ეს რეალობა დადგებოდა. რა თქმა უნდა, არ ვისმენ იმ ხალხის აზრს, რომელიც ამას დაუფიქრებლად ამბობს და შინაარსიც არ ესმის საკუთარი ნათქვამის.

იგრძნობა, რომ გულისწყვეტები გაქვთ…

გულისწყვეტები აუცილებლად იქნება, 30 წლის ვარ ვქმნი ჩემს რეალობას, ტიპაჟს, ცხოვრებას, როცა გვერდიდან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი შემოდის, გულის სიღრმეში ლაქად გრჩება, თუმცა მინდა, ეს ყოველივე ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო. მინდა, ეს არ შემეტყოს არც სცენაზე, არც პირად ურთიერთობებში. ვინც მიცნობს, იცის, რომ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვასხვავებ. თუკი ადამიანთან საერთო ენას გამოვნახავ, მისი არჩევანი თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

თქვენი მეუღლე, ანო მაისურაძე როგორ უყურებს თქვენს ახალ სატელევიზიო წამოწყებას?

ის პირველია, ვინც შენიშვნებს მაძლევს. ეს ძალიან მახარებს. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეა და შეუძლია თვალი დახუჭოს და ყველაფერზე გითხრას, ვაიმე, რა კარგიაო, ასე არ ხდება. პირველი თავად ვითხოვ შენიშვნას, ვითვალისწინებ და  ვცდილობ გამოვასწორო. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ყოველდღიურად ვუზიარებთ კარგსაც და ცუდსაც და ერთმანეთის აზრს ვისმენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ეს ხშირად არ გამოდის, რადგან სახლიდან დილას გამოვდივარ, ღამე შევდივარ, ახლაც პრემიერისთვის ვემზადები. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი მეუღლე და ჩვენი ექვსი წლის ელისაბედი ვცდილობთ, ერთად ყოფნის პერიოდი კარგად გამოვიყენოთ.

ელისაბედს აქვს სამსახიობო მონაცემები?

მგონი, ზედმეტადაც. გინდა, არ გინდა, როცა ამ ყველაფერს ყოველდღიურად უყურებს და ზოგადად, ოჯახია სამსახიობო… მას ჰყავდა პაპა, გივი ბერიკაშვილი, რომელიც ლეგენდარული მსახიობი იყო… მასთან ურთიერთობის ბედნიერება მეც თუნდაც ცოტა ხნით მაინც მქონდა და ელისაბედსაც ახსოვს ის… ბავშვობაში მეც ბევრ რამეზე დავდიოდი, სიმღერაზეც, ცეკვაზეც, სოლფეჯიოზეც, მუსლიტერატურაზეც, სპორტზეც, მაგრამ საბოლოოდ, ხელოვნებამ გადამძალა. ელისაბედსაც მრავალი ინტერესი აქვს და ვნახოთ, საბოლოოდ რომელს აირჩევს.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g