LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

203
64e9583f12fa2776fbdc0da419df59b8-XL

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ პრეზიდენტის თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად , კანდიდატებს შორის არიან „დეპუტატი“ ალმას ჯაპუა, პარტია „აკზაარას“ ლიდერი ლეონიზ ძიაპშპა, ყოფილი „ვიცეპრემიერი“ შამილ აძინბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა, უნივერსიტეტის პროფესორი არტურ ანქვაბი, ფინანსისტი ასტამურ კაკალია, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია და „უშიშროების სამსახურის“ ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტარბა.

ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას უწოდებს.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავდაპირველად დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციამ მისი 23 ნოემბრამდე გადადება მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

mazda magti 5g