კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში შესაძლოა, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდეს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ ეპიდემიოლოგები. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ახალ შტამთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად, კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. ამასთანავე, მედიკოსები მოსახლეობას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენაც მოუწოდებენ.
პროფესორი მაკა ბულეიშვილი რეკომენდაციების გამკაცრებისა და მათი შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ომიკრონი არ არის, მაგრამ ომიკრონის შემოსვლის შეთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება რეკომენდაციების გამკაცრება და მათი შესრულება,” – ამბობს მაკა ბულეიშვილი.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა გააკონტროლოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც ახალი შტამია დაფიქსირებული.
“შეიძლება ამ თვის ბოლოს უკვე საქართველოშიც იყოს ომიკრონის შემთხვევები გამოვლენილი, მაგრამ რეალურად, იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და ასევე, მომზადებული შევხვდეთ, რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ის, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად, იმიტომ, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად აგრესიულად ეს ახალი შტამი ვრცელდება იქ, სადაც ვაქცინაციით მოცვა მოსახლეობის არის დაბალი,“ – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.