LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიციურ ძალებს უპრეცედენტო ერთობა აქვთ” – ოპოზიციამ პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტი მოამზადა

86
78943853-425031451506175-977548888875466752-n

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საერთო განცხადება გააკეთეს. მათი განმარტებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „გერმანული მოდელის“ ქართული ვარიანტი მოამზადეს, რომელსაც კანონპროექტის სახით პარლამენტში დაარეგისტრირებენ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი ჯერ სახალხო დამცველთან გადაიგზავნება, რათა მან ეუთო/ოდირს გაუგზავნოს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პარტიები, გარდა იმისა, რომ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს აქვს ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, პარალელურად, დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევიმუშავოთ ის საარჩევნო მოდელი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია სახელმწიფო ინტერესებთან. სწორედ ამიტომ,

„გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია შევიმუშავეთ, რომელიც სრულად შეესებამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოთხოვნებს. სამწუხაროდ, ამ ჩიხში “ქართულმა ოცნებამ” შეგვიყვანა, მოგვატყუეს და დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ არის, ამიტომაც მოგვიწია სრულიად ახალი მოდელის შემუშავება. ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია.

დღეს ჩვენ ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართვათ თხოვნით, რომ მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ უეთო/ოდირის მხრიდან, გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ ეს შენიშვნები ანუ თუ გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებები იქნება, ესეც გავითვალისწინოთ მაქსიმალურად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კანონპროექტზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემაც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

„ამ საკითხზე ოპოზიციურ ძალებს უპრეცედენტო ერთობა აქვთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ყველა ოპოზიციური ძალის მიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, ერთობლივად მომზადდა. ეს არის ის კანონპროექტი, ის დოკუმენტი, ის საერთაშორისო ხედვა, რომელსაც შეუძლია ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოიყვანოს.

ახლა ბურთი „ოცნების“ მოედანზე არის, როცა მათი მხრიდან ჩართულობა, მათი მხრიდან დიალოგია საჭირო. ასევე ბურთი არის მათ მოედანზე, როცა საქმე ეხება იმას, რაც დღეს ქუჩებში ხდება. იმ ძალადობას, რომელიც ინსპირირებულია პირდაპირ „ოცნების“ მხრიდან, რაც ვნახეთ ქუთაისში, მცხეთაში, გუშინ თბილისში და რაც ჩვენ შეიძლება დღეს ვნახოთ ზუგდიდში და სხვა ადგილებში. ანუ ბურთი ყველა მოედანზე არის მათ მხარეს და ამიტომ მათ კეთილი უნდა ინებონ და თუკი ოდნავ რამე საღი აზრი შერჩათ, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. თუკი, სხვა გზას აირჩევენ და სხვა გზა გადის დიალოგზე უარის თქმაზე და სხვა გზა გადის მომდევნო ძალადობაზე, მაშინ შეიყვანენ ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი იქნება მათთის ძალიან ცუდი. ეს არავის გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ აქედან ნორმალური პოლიტიკური გამოსავალი ვიპოვოთ. ამ ხნის განმავლობაში კეთდებოდა განცხადება, რომ მოდელი არ შეესაბამებოდა კონსტიტუციას, მაგრამ „ოცნება“ არც გააგზავნის, რომ შეამოწმოს შეესაბამება თუ არა. მათი თქმით, დარწმუნებული არიან, რომ არ შეესაბამება. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ არ აპირებენ ვენეციიის კომისიას ჰკითხონ, რადგან როგორც ჩანს, დარწმუნებული არ არიან, რომ არ შეესაბამება. ეს არის მომზადებული კანონპროექტი, ეს არის მიმართვა, რომელიც დღეს სახალხო დამცველის მიმართ გაკეთდება. დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, ხვალ, ამ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მოხდება და შემდეგ უკვე პარლამენტში მუშაობა დაიწყება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.