LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი დღე გვეძებდნენ,თავი ჰოლივუდში გვეგონა”- 11 წლის ქართველი ბიჭი ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს

2674
BeFunky-collage (1) (1)

11 წლის ბიჭი ჩხოროწყუდან, რომლის შესახებაც დღემდე არაფერი იცოდით, რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა.

Arla -ს სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლის გადაღება სექტემბერში მიმდინარეობდა, უცხოურ სატელევიზიო სივრცეში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა.

გუგა მამფორია შესაძლოა, მალე ჰოლივუდშიც იხილოთ, მანამდე როგორც აღმოჩნდა ბრიტანული კომპანიის რეკლამაში ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, უფრო მეტ დეტალზე  გუგას მამამ “ფორტუნასთან” ისაუბრა.

როგორც გრიგოლ მამფორია გვიყვება, მისი შვილი შემთხვევით, ქუჩაში მათთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა შეამჩნია.

„თბილისში იყო ბავშვი, დედამისთან ერთად ადიოდა მთაწმინდის პარკში, გაჩერებაზე იდგნენ და თიკა ჯაბანაშვილმა (საერთოდ, არ ვიცნობდი ამ ქალს) სთხოვა სურათის გადაღება და სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც აღმოჩნდა, ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. თურმე კინოსტუდია ,,სარკე“, რომელიც ქართველ ბავშვებს, უცხოური სარეკლამო რგოლებისთვის არჩევს, ორი დღე ეძებდა გუგას.

შემთხვევით ვიღაცამ გვითხრა ამ ბავშვს ეძებენ სოციალურ ქსელშიო. მერე მოგვაგნეს, დაგვიბარეს ქასთინგზე, გადაუღეს სურათები და მალევე გავიგეთ, რომ გუგათი ინგლისური კომპანია დაინტერესდა და სარეკლამო რგოლისთვის 50 ბავშვიდან არჩევანი სწორედ მასზე გაკეთდა“

გრიგოლ მამფორია გადაღების დეტალებს იხსენებს. მამა ამბობს, რომ გუგა, რომელიც მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება, იმ პერიოდში ქალაქის საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობდა და დიდხანს ფიქრობდნენ, რამდენად მოახერხებდნენ ქასთინგებზე სიარულს.

თუმცა, როცა შერჩევის მესამე ეტაპზე გუგას პირადად ინგლისელები გაესაუბრნენ, უკან აღარ დაუხევიათ.

„თავი ჰოლივუდში გვეგონა, ბევრი ეტაპი გავიარეთ. გუგა ფეხბურთით არის დაკავებული, ადრე მსგავს პროექტებში არასდროს მიუღია მონაწილეობა, არც ველოდით ასეთ რამეს, ის გარეგნულადაც და ხასიათითაც განსაკუთრებულია, თუმცა ძალიან გამიკვირდა, ქასთინგზე ყველაფერს რომ ადვილად აუღო ალღო“

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=u70VkmdfygE&feature=emb_title

აქვე აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის გამო გუგამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული სერიალის ,,ჩემი ცოლის დაქალების“ კასტინგში მონაწილეობა ვერ მოახერხა.

,,მოწვევა ჰქონდა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, თუმცა ლიტვაში საერთაშორისო ტურნირის გამო, ვერ მოვახერხეთ მისვლა“

გრიგოლ მამფორია ჩვენთან საუბარში ასევე, ამბობს, რომ ბრიტანული კომპანიის რეკლამის შემდეგ, გუგამ უცხოურ ფილმში გადაღების შეთავაზებაც მიიღო.

11 წლის ქართველი ბიჭუნა ახლა ფიქრობს და სამომავლოდ სხვა პროფესიის არჩევასაც არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე, მამასთან კონსულტაცია გაიარა და მოილაპარაკეს, რომ ფეხბურთში ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g