LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორიანი დაუწერეს ხელისუფლებას, პირდაპირი კრიტიკაა”- დეპუტატების შეფასებები ვენეციის კომისის დასკვნაზე

104
xcvxvxcv

ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით ოპოზიციაში აცხადებენ ,რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-განმწესების შესახებ მომზადებული პროექტი ხარვეზიანია და პარლამენტმა ეს ვითარება უნდა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი შეილახება.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, კომისიის რეკომენდაცია, რომ უზენაესში ყველა მოსამართლე ამ მოწვევის პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს, პირდაპირი კრიტიკაა.

“როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან იუსტიციის საბჭოს, რომ ამ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება და ყველა მოსამართლე არ აირჩიოს და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ იუსტიციის საბჭოს არა აქვს ნდობა, ამ პარლამენტსაც არ აქვს ნდობა იმიტომ, რომ პარლამენტი ირჩევს საბოლოოდ”, — განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ უცხოელი ექსპერტები პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევას არ ელოდებიან.

ვენეციის კომისიამ დღეს ფაქტიურად ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას და უთხრა პირდაპირ, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება ქვყენაში. ეს არის ამ დასკვნის რეალური გზავნილი. მთავარი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის არის ის, რომ დღევანდელმა პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ყველა მოსამართლე ყველა ვაკანსიაზე, რომელიც დღეს არსებობს უზენაეს სასამართლოში. ეს არის პირდაპირ განაცხადი ვენეციის კომისიის, რომ მათთვის ნათელია, რომ დღევანდელი პარლამენტის პირობებში დამოუკიდებელ მოსმაართლეებს უზენაეს სასამართლოში უმრავლესობა არ დანიშნავს. 

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას აღნიშნა, რომ ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არის დაბალი.

“აქედან გამომდინარე, მოუწოდებენ ხელისულფებას, რომ ამ პარლამენტმა არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და შემდეგ პარლამენტს დაუტოვონ ნახევარი მაინც მოსამართლეები ასარჩევად. ეს არის, პრაქტიკულად, პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც აქვს საზოგადოებას. ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დისკრედიტირებული, ის, რომ ამ პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს მანდატი, რომ ყველა მოსამართლე აირჩიოს, ეს არის, ალბათ, საკვანძო საკითხი ამ დასკვნაში,“ – განაცხადა კახიძემ.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად.

რეკომენდაციების მე-16 პუნქტში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს. რეკომენდაციების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევის მეთოდი არ ეფუძნებოდეს პოლიტიკურ ან პირად განხილვებს. დასაშვებობის კრიტერიუმი საკმარისად ფართო უნდა იყოს კანდიდატთა და წარდგენილ პირთა მრავალფეროვნებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები