LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთახი, კაფე-ბარი, სკოლა – როგორ ვრცელდება კორონავირუსი დახურულ სივრცეში?

216
#ფილმები

ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი საფრთხე დახურულ სივრცეებშია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი არ ნიავდება. ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ინფიცირების უფრო მაღალი შანსი გაქვთ, ვიდრე სადმე სხვაგან.  აღნიშნულ დასკვნამდე მკვლევარები ესპანეთში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მივიდნენ.

თუ ოთახში, რომელიც არ ნიავდება, ექვსი ადამიანი ოთხი საათის განმავლობაში პირბადეების გარეშე იქნება შეკრებილი, ყველა მათგანის ინფიცირდების მაღალი ალბათობა არსებობს. თუ ისინი პირბადეებს გამოიყენებენ, ვირუსი შესაძლოა ოთხ მათგანს მაინც გადაედოს. ინფიცირებისაგან თავის დასაცავად მხოლოდ პირბადე საკმარისი არ იქნება, თუ სხვა წესები არ არის დაცული, მაგალითად ოთახის ხშირი განიავება და დისტანცირება.

იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდება, ოთახი ხშირად განიავდება, ხოლო იქ მყოფები პირბადეს გაიკეთებენ, ინფიცირების რისკი საგრძნობლად დაიკლებს. უკვე ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერითაც გადადის, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ხდება და როგორ შევაჩეროთ ეს…

საუბრის, ხველების ან ცემინების დროს ადამიანი წვეთებთან ერთად  ვირუსის ნაწილაკებს აეროზოლის სახითაც გამოაფრქვევს. ეს ნაწილაკები ზოგ შემთხვევაში ჰაერში რამდენიმე საათიც რჩებიან. ინფიცირება ხდება ნაწილაკების ჩასუნთქვის ან წვეთების ცხვირში, პირში ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ოთახი არ ნიავდება, ვირუსის ნაწილაკები ჰაერში უხილავი ღრუბელივით საათობით რჩება და რაც დიდხანს იქნება ოთახი ვენტილაციის გარეშე, მით მეტი ადამიანის ინფიცირება მოხდება. საფრთხეს წარმოადგენს ვირუსით დაბინძურებული ზედაპირებიც, თუმცა დადგენილია, რომ ამ გზით ინფიცირება გაცილებით იშვიათად ხდება.

საინტერესოა, რომ ყვირილის, სიმღერის ან ხმამაღლა საუბრის დროს ადამიანი ვირუსის 50-ჯერ მეტ ნაწილაკს გამოყოფს სივრცეში, ვიდრე ჩუმად ყოფნის დროს. ათჯერ მეტს ჩვეულებრივად საუბრისას, ვიდრე მაშინ, როცა არ საუბრობს. შესაბამისად, ყველაზე ადვილია ინფიცირება სახლში, ოჯახის წევრებისაგან, რომლებიც ნიღბებს არ ატარებენ.

ვირუსით დასნებოვნების მაღალი რისკი არსებობს კაფე-ბარებში, სადაც ადამიანებს განსაკუთრებით ეძალებათ სხვებთან კომუნიკაციის სურვილი, რომ არაფერი ვთქვათ ჭამა-სმაზე, რაც პირბადის მოხსნას გულისხმობს.

ესპანეთის მთავრობის მიერ აღწერილი შემთხვევების მხოლოდ 6% მოდის სკოლებზე, როგორც ინფექციის კერებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვინ არის ნულოვანი პაციენტი, ანუ ინფექციის გამავრცელებელი. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებთან შედარებით გაცილებით მეტს და ხმამაღლა ლაპარაკობს. ამას თუ ისიც დაემატება, რომ საკლასო ოთახი არ ნიავდება, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული იქნება. სწორედ ამიტომ, ესპანეთის სკოლებში წლის ცივ პერიოდშიც კი სავალდებულოა საკლასო ოთახების ხშირი განიავება.

შესაბამისად, რეკომენდაციები უცვლელი რჩება. დაიცავით დისტანცია ოჯახის წევრებთანაც კი, გამოიყენეთ პირბადე, დაიცავით პირადი ჰიგიენა და ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი, სამუშაო და სასწავლო სივრცეები.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები