LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანიკის საფუძველი არ გვაქვს, უბრალოდ ვეცადოთ ბავშვებში დროულად გამოვავლინოთ სიმპტომები” – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

21744
BeFunky-collage (3)

ჯერჯერობით ჩვილ ბავშვთა ასაკში ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, დროულად გამოვავლინოთ სიმპტომები და დროულად მივმართოთ ექიმს, – ამის შესახებ პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, რითაც ბავშვებში ვირუსის გავრცელების მზარდ სტატისტიკას გამოეხმაურა.

“დღის განმავლობაში უამრავ პაციენტს ვღებულობ. სიმპტომები სხვადასხვაა. მოდიან რესპირაციული, ვირუსული ინფექციებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს კოვიდთან.

დღეს ძალიან გავრცელებულია მაგალითად, ყელის ტკვილით მიმდინარე ვირუსული ინფექციები იგივე, ფარინგიტები, ნაზოფარინგიტები, გვხდება ცრუ კრუპი, ასევე ხველა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ცხვირის გაჭედვასთან.

ეს ბავშვები ყველა იტარებენ ტესტებს. ზოგჯერ არის კოვიდინფექცია, ზოგჯერ კი ჩვეულებრივი სეზონური ინფექციებია, რომლებიც ჩვენ დავივიწყეთ, მიძინებული იყო ამ კორონავირუსის აღმავლობის პერიოდში, რადგან ბავშვები იყვნენ ლოკდაუნში, აბსოლუტურად იზოლირებულნი. როგორც კი კონტაქტი დაიწყეს, ბაღებში, სკოლებში მათ ეს გამოუჩნდათ, დღეს თავისუფლად არიან, ნიღბებს აღარ ატარებენ გარეთ და რაღაც ვირუსულმა ინფექციებმა გაიღვიძეს”.- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

მან კიდევ ბავშვებში დელტა შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც დაასახელა და მშობლებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა.

“ძალიან მაღალი, შეუპოვარი ცხელება ბავშვებში, ტემპერატურა, რომელიც ძალიან რთულად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს. გარდა ამისა ძლიერი ყელის ტკივილი და ცხვირში გაჭედვა.

მკვეთრად გამოხატული მუცლის ტკივილი და დიარეა ხშირ შემთხვევაში. ეს არის ძირითადი სიმპტომები.

ყურადღებით ვიყოთ და ვეცადოთ, ბავშვები მაინც არ მოვაქციოთ თავშეყრის ადგილებში.

ძალიან გავთამამდით, დავდივართ სხვადასხვა წვეულებებზე, სტუმრად დაგვყავს ბავშვები. შევეცადოთ ვიყოთ ფრთხილად, ხშირად ვბანოთ ბავშვებს ხელები. აუცილებლად ვასვათ დიდი რაოდენობის წყალი”, – განაცხადა პედიატრმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

პოპულალურები