ხვალ, 11 დეკემბერია და ყველა მოუთმენლად ველოდებით, რა მოხდება პარლამენტში.
თუმცა, დღეს, უკვე, ყველაფერი გარკვეულია. პარლამენტში არ შედის და მანდატებზე უარს ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, ეს არა ვინმეს გამარჯვება, არამედ ქართული დემოკრატიის მარცხია“, – აცხადებს პარლამენტის პირველი შეკრების წინ გიორგი ვაშაძე.
“მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კრიზისის შეფასებისას აცხადებს, რომ მიღწეულია ისტორიული შეთანხმება, როცა ოპოზიციის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, მაგრამ ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს.
“რასაც ოპოზიცია მთელი ერთი თვე ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ამ ოთხივე საკითხზე შეთანხმებული ვართ – რა ხდება ახლა?! ბოკერია-უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს! არის შეთანხმება, მას ხელი უნდა მოაწერო, ხელმოწერისა და პირობების შესრულების შემდეგ პარლამენტში შეხვიდე, მაგრამ აქ ყველაზე უცნაური ამბავი ხდება, რომ ბოკერიას პარტია მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილის პარტიის წევრი ლევან იოსელიანი კი ქვეყანას საგიჟეთს ადარებს. მან სიტუაცია ფეისბუქზეც შეაფასა.
„უმანდატო ბოკერიას, უგულავას და ბურჯანაძეს მთელი მანდატიანი ოპოზიცია მიჰყავთ ხვალ მანდატების დასაწვავად რომელიღაც ხიდზე ისე, რომ მოლაპარაკების დასრულებასაც არ ელოდებიან. საგიჟეთში ვცხოვრობთ“, – წერს ლევან იოსელიანი.
პარლამენტში არ შედის არც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„არ ვაპირებ კიდევ ერთხელ ხელის მოწერას, სამჯერ მაქვს უკვე ეგეთ რაღაცაზე ხელი მოწერილი და აღარ მინდა დამატებით კიდევ რაღაც ცერემონიალებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ, ზოგადად ფაქტია, რომ ბოიკოტი გრძელდება“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძემ.
სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ . პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არაა.
„მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას „ლელო“ ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად“, – ამბობს ხაზარაძე.
ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს მთავარ ფუნქციებს-როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე?
როგორ განვითარდება ხვალ პარლამენტში მოვლენები და როგორ ჩაიწერება მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი დღე ისტორიაში?
ეს კითხვები „ფორტუნამ“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუსვა.
ძნელია, ამ შემთხვევაში რაიმე მოლოდინები გქონდეს. სტერილურად ვიღაცები შეიკრიბებიან. აწევენ ხელს, რაღაცას იტყვიან, რაღაც სცენარს გაითამაშებენ და დაიშლებიან. ეს ხომ პოლიტიკური პროცესი არაა.
პარლამენტში ოპოზიციის ხილვის იმედი მაინც გაქვთ?
სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ აქვთ უხერხულობაც. ასე რომ ვნახოთ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია.
ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სურვილი და ცდუნება შეიძლება აქვთ, მაგრამ ბულიგის ეშინიათ. 90 მანდატით „ქართულ ოცნებას“ ბევრი უფლება არ ექნება. ასეთი ჩიხიდან როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა?
ამ შემთხვევაში მაქვს ჩემი საგზაო რუკა. მირჩევნია, რომ კრიზისი ვითარდებოდეს პარლამენტის კედლებში და არ იყოს დაპირისპირება ქუჩასა და პარლამენტს შორის. ამ პრობლემის გარდა ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაც გვაქვს. შესაბამისად რყევებით, რომელსაც ბუნდოვანი და სარისკო განვითარება აქვს საბოლოო ჯამში სახელმწიფო ზიანდება. აქედან გამომდინარე, მე გარკვეული ფორმულირებებით პარლამენტში შესვლას ვემხრობოდი და ახლაც ვემხრობი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაღაც დათქმით, რომ რადგან კრიზისის გადალახვა არის შეუძლებელი, მისი კონსერვაცია უნდა მოხდეს რაღაც პერიოდი, ანუ კი არ აღიარონ არჩევნების შედეგები, არამედ აღიარონ დე ფაქტო სიტუაცია და სახელმწიფოებრივი რისკების გათვალისწინებით. უნდა შევიდნენ ერთადერთი მიზნით, რომ შეისწავლონ არჩევნების რეალური გარემოებები და დადონ საბრალდებო დასკვნა და საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, ან დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ან არ დაინიშნოს.
“დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა” – ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
გაჩნდა კითხვა, რა უნდა გადაითვალოს, როცა 31 ოქტომბრიდან საარჩევნო ოქმები „ოცნების“ ხელშია…
მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ლოგიკა. გეტყვით, რატომ. ბრიყვები არავინ ვართ და გასაგებია, რომ ბალანსები დააყენეს. მაგრამ ყველა დარღვევის განულება შეუძლებელია. კარუსლების სქემა ცნობილია. როდესაც ერთ ოჯახში ჩაწერილია 40 ადამიანი და ხშირ შემთხვევაში ამის შესახებ ბინის მეპატრონემ არაფერი იცის. საგამოძიებო კომისიამ ტომრებში რა ბიულეტინები ყრია, ის კი არ უნდა დაითვალოს. როცა ნახავენ ჟურნალებს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობაა ასახული, რაღაც ბინაზე 40 კაცი რომაა მიწერილი და ბინის პატრონს რომ კითხავენ, ვინაა ეს ხალხიო, ის ეტყვის, არ ვიციო. აქ ხომ ყველაფერი ცხადია. თუ გამოძიება კვალიფიციურად ჩატარდა, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, შესაბამისი საბრალდებო დასკვნის დადება. უბრალოდ სამუშაოა.
თქვენი აზრით, კობახიძეს მოუწევს წასვლა პოლიტიკიდან?
კობახიძის წასვლა-არწასვლა საერთოდ არაა საინტერესო. როდესაც საუბრობს, ერთი პროცენტიანი ცდომილება თუ იქნება, პოლიტიკიდან წავალო, ეს ვის რაში აინტერესებს?. აქ საუბარია, „ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას. კობახიძის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა პოლიტიკის ნაწილი როგორ შეიძლება, იყოს.
საგამოძიები კომისია ჩემი აზრით, არის ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გადავიტანოთ სხვა ფორმატში, მოვახდინოთ მისი კუპირება და დავაზღვიოთ ქვეყანა სხვა ტიპის რისკებისგან.- აცხადებს გია ხუხაშვილი ფორტუნასთან საუბრისას.