LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებისგან“უკეთესი შეთავაზება წარმოუდგენელია – როგორ აფასებენ ექსპერტები კობახიძის განცხადებას

350
ექსპერტები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე და საპარლამენტო მუშაობაზე, ასეთ პარტიას სამართლებრივი უფლება არ აქვს, დაფინანსება მიიღოს.

კობახიძე ამბობს, რომ როგორც კი მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, პარტიების სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე კანონპროექტი დაინიცირდება.

ხვალ, პოზიციასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ბოლო, მეექვსე რაუნდია ჩანიშნული. რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში.
გადამწყვეტი შეხვედრის წინ ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნასთან“ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისგან ამაზე კარგ შეთავაზებას ოპოზიცია არ უნდა ელოდოს.

„კობახიძის განცხადება პირობითად შეიძლება გავყოთ 2 ნაწილად. ერთი არის შეთავაზებების ნაწილი და მეორე არის  შეფარული მუქარა. მუქარა უკავშირდება, რა თქმა უნდა, დაფინანსებას. რაც ჩემი აზრით, არასწორი მიდგომაა. კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა შეუძლიათ, მაგრამ დღეს არსებული კანონით, პარტიების დაფინანსების საკითხში წერია, რომ პარლამენტში  იმუშავებენ თუ არა, პარტიებმა დაფინანსება უნდა მიიღონ.  შესაძლოა, ვეთანხმებოდე კიდეც კობახიძის არგუმენტაციას, მაგრამ ამან არ უნდა იმუშაოს უკანა რიცხვით. დღეს არსებული კანონი უნდა შესრულდეს და მომავლისთვის თუ გასწორდება ეს კანონი, არ იქნება ცუდი“,  – აცხადებს ძაბირაძე.    

ძაბირაძის თქმით, კომისიის შექმნის დაპირება საუკეთესო დაპირებაა, რაც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს.

„ძალიან სწორი შეთავაზებები გაკეთდა ოპოზიციისათვის „ქართული ოცნების“ მხრიდან . ჩვენ ადრეც ვლაპარაკობდით და არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც მოიპოვებს ახალ დოკუმენტურ მასალებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე. დღეს, ოპოზიციას პრობლემა „ქართულ ოცნებასთან“ კი არ აქვს, არამედ პრობლემა აქვს ჩვენს პარტნიორებთან, მათ სჭირდებათ ეს დოკუმენტარულად მოპოვებული მასალები და იმაზე საუბარი, რომ სადღაც, რომელიღაც ოლქში  ბალანსი ვერ დაჯდა და ა.შ. ამიტომ მათ უნდა იმუშაონ ამაზე, მით უფრო თუ გაფორმდება არაოფიციალურად შეთანხმდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული დარღვევები აღმოჩნდება, მაშინ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, ამაზე უკეთესი შეთავაზება „ქართული ოცნებისგან“ ვერც წარმომიდგენია.  ყველა მოთხოვა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, არის ულტიმატუმი. „დანიშნე რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ რომ მე არ ვაღიარებ“, ესე მარტივად ეს არ ხდება. მაშინ ეს შეიძლება ყოველ წუთში ითქვას და ამიტომ აუცილებელია, დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, რომელიც დოკუმენტებს მოიყვანს თუ რაიმე გაყალბდა“, – ამბობს ძაბირაძე ჩვენთან საუბარში.

ძაბირაძემ განმარტა, „ოცნების“ შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში, ოპოზიცია რა სარგებელს მიიღებს.

„დათანხმება ოპოზიციას მოუტანს  ორ დადებით ნაწილს.

1. დამოკიდებულება იქნება დადებითი ჩვენს პარტნიორებთან.

2.რეალურად გაირკვევა, მართლაც მოხდა არჩევნების დღეს საშინელი გაყალბება თუ არა.

ამ ქვეყანაში 2-ჯერ უკვე იყო არჩევნებისადმი ბოიკოტი, რომელიც კრახით დამთარდა და იქნებ, ახლა მაინც მოიძებნოს გამოსავალი, იმისთვის, რომ შევცვალოთ მთავრობა არა ქუჩიდან, არამედ პარლამენტიდან. თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენს მიმართ საკმაოდ პოზიტიური განწყობები გაჩნდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან და რაც ყველაზე მთავარია, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა მოხდება“, – ამბობს ძაბირაძე.

ძაბირაძემ კობახიძის მუქარის ტონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადად მას ასეთი საუბარი ახასიათებს.

„კობახიძეს ზოგადად ხისტი პოლიტიკოსია. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მის განცხადებას, რომელიც არ იყოს მსგავსი ტერმინების მატარებელი და კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, მას ზოგადად ხისტი განცხადებები აქვს ხოლმე. ასეთია ის და ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა, ვინმემ დაარიგა თუ არ დაარიგა. კი ბატონო იყო მუქარა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც პარტიების დაფინანსებაზე ისაუბრა, მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კობახიძის ტონი თუ მუქარა. განცხადება მთლიანად პოზიტიურია და თუ ოპოზიციას მართლა თუ უნდა რომ კონსტრუქციული იყოს, ეს უნდა გამოიყენოს. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ქუჩიდან კი არა, პარლამენტიდან“, – ამბობს ძაბირაძე.

ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა: კაპანაძე

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ კობახიძის განცხადებით, გაჩნდა იმის გამოხატულება და სურვილი, რომ საპარლამენტო ჩარჩოებში მოექცეს პროცესები, გინდ საპროტესტო, გინდ უპროტესტო.

მისი თქმით, უკვე არსებობს შანსი, რომ ქუჩის დონეზე არ წყდებოდეს პროცესები.

„კატეგორიული ტონის დეფიციტი კობახიძესთან არც დღემდე შემიმჩნევია ამიტომ ვერ ვიტყვი, დღეს გამორჩეული ტონით ისაუბრა-მეთქი. როგორ ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მკაფიოდ დააყენოს თავისი მოთხოვნები. „ქართული ოცნების“ მოთხოვნები,  წესით, ოპოზიციისთვისაც მისაღები უნდა იყოს. 

ალეკო ელისაშვილსაც და დანარჩენ ჯგუფებსაც მეტ-ნაკლებად ექნებათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღების სურვილი. თუ იქნებიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში არ შევიდნენ არავითარ შემთხვევაში, უკვე ნათქვამია, რომ გააუქმებენ მანდატებს და მოეხსნებათ ყველა პრივილეგია, რომელიც პარლამენტის წევრობასთან არის დაკავშირებული. დანარჩენი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს ოპოზიციამ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები