„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. პროცედურის მიხედვით, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები შესაძლოა, პარლამენტში შევიდნენ.
დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გიმართება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს სესიაზე გავა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, გვაქვს იმის საშუალება, რომ დღეს იმ დეპუტატების განცხადებები განვიხილოთ, ვინც შემოიტანა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„რეგლამენტის გათვალისწინებით, იმის საშუალება გვაქვს, რომ იმ დეპუტატების განცხადებები განვიხილოთ, ვინც შემოიტანა. რატომ „პატრიოტთა ალიანსი“? – იმიტომ, რომ მათი სია ცესკო-ში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს სურვილი აქვს, თუ ეს სამი ადამიანი პარლამენტიდან გავა, მათი ადგილი დაიკავონ ადგილმონაცვლეობიდან გამომდინარე. სხვა პარტიების მომართვების განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში. ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების პროცესს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს გარკვეულ ფორმატს ვაძლევთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ვცდილობთ, კანონის პროცედურები და პოლიტიკური პროცესი ისე წარვმართოთ, რომ იყოს ხელშემწყობი პირობები მოლაპარაკებების გაგრძელების. პარლამენტი თავიდან ბოლომდე უფლებამოსილია და ეს საკითხი საკამათო არავისთვის აღარ არის.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებებს, რატომ შეიყვანეს ესა თუ ის პირი პარტიულ სიაში, თავად გააკეთონ ნათელი განმარტება, სიების შემქნელებმა. როგორი დეპუტატები იქნებიან, თავადაც დააკვირდებით. კომუნიკაცია იმ ადამიანებთან არ გვქონია, ვინც პარლამენტში უნდა შემოვიდეს, რადგან ჯერ უფლებამოსილება არსებულ დეპუტატებს უნდა მოეხსნათ და შემდეგ ცესკო იმ დეპუტატების ჩამონათვალს წარადგენს, ვისი უფლებამოსილების ცნობაც უნდა მოხდეს. პარლამენტს ლეგიტიმაცია მინიჭებული აქვს და ოპოზიცია არის თუ არა, ეს სამართლებრივად პარლამენტის ლეგიტიმაციას არ განსაზღვრავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან: – გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა სიით“ პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.
“არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე” – ცნობილია, ვინ შედის ოპოზიციიდან პირველი პარლამენტში
შეგხსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. არჩევნების მიმართ ბოიკოტი 54-მა ოპოზიციონერმა გამოხატა. მათი მთვარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ დააზიანებს.