LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიების დაფინანსების კანონპროექტი ხალხის ფულის ფლანგვისა და მუქთახორობის აღსაკვეთადაა: ალეკო ელისაშვილი

54
ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგაა და იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთა მოხდეს.

ელისაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ ქმნის და ამასთან, როგოც დეპუტატმა აღნიშნა მას დემოკრატიისთვის ბრძოლას ვერავინ ასწავლის.

„ასეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნება” გამოიტანს თუ სხვა,“ – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, მას არ მომწონს ფარისევლობა და ის წესები, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ არაფერი არ უნდა მოგწონდეს, რასაც მმართველი პარტია გამოიტანს და პირიქით.

„ზოგ შემთხვევაში, იძულებული ხარ, რაღაცას, რასაც შინაგანად ეთანხმები, ფარისევლურად თქვა, რომ არ მოგწონს, რადგან დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ეს კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ. იმის პრევენციისთვის, რომ მომავალში, ნებისმიერი პარტიის მიერ ხალხის ფულის ფლანგვა და მუქთახორობა აღიკვეთოს,“ – დასძინა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, იგი კანონპროექტს მხარს ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოიტანდა.

„რა ვქნათ, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და რადგან ოპოზიციაში ვარ არ დავუჭირო მხარი? ნურავინ მასწავლის დემოკრატიისთვის ბრძოლას, ნურც „ნაციონალური მოძრაობა,“ ნურც „ქართული ოცნება,“ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით, ეს პასუხისმგებლიანს გახდის პოლიტიკურ ველს, ამის მჯერა.

ასეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნება“ გამოიტანს, ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა,“- თქვა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ის ისურვებდა და ტენდენცია მიდის ისეთი, რომ „ლეიბორისტული პარტიისნაირი მუქთახორა პარტიები მხარდაჭერას სულ უფრო კარგავენ.“

„მე ვიყავი შეურაცხყოფილი, როცა წლების წინ გავიგე, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ თითქოსდა მანდატები დახია და აღმოჩნდა, რომ მერე წლების განმავლობაში, ხელფასს პარლამენტში იღებდნენ, ისე რომ არ დადიოდნენ,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიების დაფინანსების კანონპროექტს დღეს კენჭი მეორე მოსმენით ეყრება

 

პოპულარულები