LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიის განახლება ახალი სახეებით: თალაკვაძის წინასაარჩევნო გეგმა

165
Capture-2

პარტია “ქართული ოცნების” უმრავლესობას 2020 წლის არჩევნებისთვის საინტერესო პროგრამა ექნება. იგეგმება გუნდის განახლება ახალი სახეებით. ამის შესახებ საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, როგორც გასულ წლებში, ისე წელსაც, მოხდება ახალი კადრების “მოზიდვა.” თალაკვაძე განმარტავს, რომ ახალი სახეები იქნებიან წარმატებული და გამოცდილი ადამიანები.

„ყველა წევრი, ვინც წვლილი შეიტანა წარმატებაში, ქვეყნის განვითარებასა და რეფორმებში, გუნდში მომავალშიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს. არავისთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტის წევრობა ან სახელმწიფო თანამდებობა – ეს არის მხოლოდ საშუალება საქმის კეთებისთვის. ერთი წლის წინ ჩვენმა პარტიამ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მოზიდვის მიზნით და 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ შემოგვიერთდებიან ახალი, წარმატებული, გამოცდილების მქონე ადამიანები. განახლება ყოველთვის საჭიროა. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებზეც და ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გუნდის ახალი კადრებით შევსებასთან დაკავშირებით, გასული წლის ბოლოს დედაქალაქის მერი, პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძეც საუბრობდა. კალაძის ანონსის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისთვის საზოგადოება “ბევრ ახალგაზრდა სახეს” იხილავს.

2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა, ბევრი ახალი სახე ვიხილოთ – კახა კალაძე (ვიდეო)

„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიაში განახლება ყოველთვის უნდა ხდებოდეს.

“ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალების, გამოცდილი კადრების შემოსვლა და შესაბამისად, გამორიცხული არაფერია. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები