LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრულმა გადმომირეკა, რა ვქნათ გავლილი აქვს ტექ.დათვალიერებაო” – როგორ გადიან მბოლავი მანქანები დათვალიერებას

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი დაწყებულია. სატვირთოებსა და მიკროავტობუსებს, რომლებსაც შემოწმება გავლილი არ აქვთ, უკვე დაჯარიმება ემუქრებათ. მალე ამ კატეგორიაში 3 კუბური სანტიმეტრის ძრავის მქონე ავტომობილებიც მოექცევიან, 2019 წლიდან კი, ყველა მსუბუქი ავტომობილი.

რეფორმის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ხშირად ვხედავთ ავტობუსებსა თუ მიკროავტობუსებს, რომლებიც ბოლავს და როგორც ეკონომიკის მინისიტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, ეს უკვე დარღვევაა.

მინისტრის ამ თამამი განცხადების მიუხედავად, პატრული მათ დაჯარიმებას ვერ ახერხებს, რადგან “მბოლავი” ავტომობილების უმეტესობას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვთ.

სოციალურ ქსელში მამუკა ხადური, ერთ-ერთი ასეთი ავტობუსის ვიდეოს აქვეყნებს და შემთხვევაზე წერს, რომელიც ბევრ მოქალაქეს აწუხებს.

“112 ში დავრეკე, 10 წუთში პატრულმა გადმომირეკა და რა ვქნათ გავლილი აქვს ტექ.დათვალიერება ჩვენ ვერაფერს ვიზავთო…” – წერს მამუკა ხადური.

როგორ გადიან ასეთი მანქანები ტექდათვალიერებას?

როგორც “ფორტუნასთან” ექსპერტმა შოთა ღვინერიამ განაცხადა, მძღოლები ტექდათვალიერების დროს, ავტომობილებს აწესრიგებენ ერთი დღით და სწორედ ასე ხვდება, შემოწმებული მანქანები ქუჩაში დაუხარვეზებლად და ტექდათვალიერება გავლილი.

“სხვადასხვა ხერხი აქვთ პარამეტრების გაყალბებისთვის. ცვლიან ნაწილებს, მაგრამ დროთა განმავლობაში აღარ აქცევენ ყურადღებას და სანამ ხელახლა მოუწევთ დათვალიერება, კვლავ გაუმართავები დადიან.

ხშირად არის შემთხვევები, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებში ბენზინს ურევენ და ასე ხდება ტექდათვალიერებაზე, გამონაბოლქვის პრობლემისგან თავის არიდება, თუმცა თუ ბენზინის არევა დიზელის ავზში, ცენტრიდან გასვლის შემდეგაც გაგრძელდა, ეს ავტომობილს კიდევ უფრო აზიანებს. შესაბამისად, შემოწმებულები ისევ დიზელის საწვავზე დადიან და ბოლავენ,” – აცხადებს შოთა ღვინერია “ფორტუნასთან”.

გარდა ამისა, ღვინერია ამბობს, რომ საბურავებს და სხვა ნაწილებს მეგობრისგან თხოულობენ. ექსპერტის თქმით, ამ “ხრიკებს” ვერცერთი ცენტრი ვერ გააკონტროლებს და აღმოაჩენს.

“შეუძლებელია გააკონტროლო, ნათხოვარი საბურავით მოვიდა თუ მაღაზიაში ნაყიდით. ისიც შეუძლებელია გაიგო, დიზელის საწვავში ბენზინი გარეულია თუ არა,” – ამბობს შოთა ღვინერია.

თუმცა, “ფორტუნასთან” საუბარში ექსპერტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თუ ავტომობილის მაყუჩიდან შავი კვამლი გამოდის, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში, დასაშვებს ბევრად აჭარბებს.

“დიზელის შემთხვევაში კვამლი ხილულია, თუმცა ბენზინის შემთხვევაში არა.  ბენზინის შემთხვევაში, შესაძლოა ნახშირბადის შემცველობა მაღალი იყოს, თუმცა კვამლს ვერ ვხედავდეთ. თუმცა, თუ მანქანა შავად ბოლავს, ეს უკვე დარღვევაა და ნიშნავს, რომ ნახშირბადის შემცველობა, დასაშვებს აჭარბებს,” – აცხადებს ექსპერტი.


ვალდებულებებისგან თავის არიდებისთვის ხრიკების მოფიქრება არ უჭირთ, კანონში არსებული ბერკეტები, მბოლავი ავტომობილების დაჯარიმების საშუალებას არ იძლევა, ასე რომ, მოქალაქეები, რომლებსაც გარემოს დაბინძურება აწუხებთ და გამონაბოლქვისგან სუნთქვა უჭირთ, მძღოლების კეთილსინდისიერების იმედად უნდა იყვნენ.

ნახეთ ამავე თემაზე: მალე ამ პროცესის გავლა ყველა მძღოლს მოუწევს – გამონაკლისები, წესები და ფასები ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებაზე [ვიდეო]

თამთა უთურგაშვილი

mazda magti 5g