LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარებისას გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია: თბილისში ახალი, დაბადების დღის კლასტერი გაჩნდა – გამყრელიძე

202
amiran gamyrelidze

თბილისში, კონკრეტულად კი სოფელ დიღომში ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელება დაბადების დღეს უკავშირდება.

„გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ/ შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და ამ ეტაპზე სტაბილიზირებულია ვითარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის სწორად ტარების აუცილებლობაზე.

„ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა და არ ვიცით, როდის იქნება. არ არსებობს ეთიოტროპული წამალი და არ ვიცით, როდის იქნება. არის ერთი იარაღი მხოლოდ, ესაა პირბადის სწორი გაკეთება. ამიტომ პირბადის კულტურა უნდა გავაძლიეროთ მაქსიმალურად“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ მედიას დახმარება სთხოვა, იმისთვის, რომ პირბადის ტარების აუცილებლობაზე მოსახლეობას რაც შეიძლება ხშირად ესაუბროს.

„ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ეს ყველაზე უფრო მძლავრი იარაღია კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ისევ ვიმეორებ: პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. თუ ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, შევაკავებთ დაავადებას და არ მივცემთ მას საშუალებას გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე“, – მიმართა გამყრელიძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები