„ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელ ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობის და ინდუსტრიალიზაციის პროცესები.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო. პატივცემულო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ და 26 მაისი ჩვენი თავისუფლების დღეა.
დღე, რომელიც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო ჯარს. გილოცავთ ყველა მასწავლებელსა თუ ფერმერს, ექიმსა თუ მშენებელს, სპორტსმენს თუ ხელოვანს, ჯარისკაცსა თუ პოლიციელს, ჩვენს ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს. ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს. მსურს განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საამაყო წვევამდელებს, ვისაც წილად ხვდათ უდიდესი პატივი ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადონ სამშობლოს ერთგულების ფიცი.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს. ჩვენ საერთო გვაქვს წარსული და მომავალიც ერთად, მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და თანამშრომლობით უნდა ვაშენოთ.
მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ვის გულწრფელ თანადგომასაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განუწყვეტლივ ვგრძნობთ და ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს დღევანდელ დღეს. 26 მაისს ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების, დიდი წინაპრების ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეას ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა.
ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა – ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა. ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ.
ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.