LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის მრჩეველი: ორი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა – პირველი ეხება ქალთა მიმართ ძალადობას… პროცესში აქტიურად იყო ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაცია

70
ნიკო თათულაშვილი

„დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ორი სამოქმედო გეგმა. პირველი ეხება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებს“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სამოქმედო გეგმა ფარავს 2022-2024 წლების პერიოდს, ხოლო მეორე სამოქმედო გეგმა არის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ფარავს 2022-2024 წლების პერიოდს.

როგორც ნიკო თათულაშვილმა აღნიშნა, ამ გეგმებზე, დაახლოებით, ერთი წელი მიდიოდა მუშაობა და პროცესში აქტიურად იყო ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაცია. პრემიერის მრჩევლის თქმით, ერთობლივად შემუშავებული გეგმის მონახაზი ასევე გაუზიარეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის ოფისს, რომელთაგან მიღებული კომენტარებიც მაქსიმალურად აისახა გეგმაში.

„ამ გეგმებზე, დაახლოებით, ერთი წელი მიდიოდა მუშაობა, ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა ამ პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შემდეგ ეს მონახაზი, რომელიც მათთან და მათ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან აქტიურად გაზიარდა არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის ოფისთან. მათგან მივიღეთ შესაბამისი კომენტარები და შენიშვნები, რაც მაქსიმალურად ავსახეთ გეგმაში და დღეს უკვე გვაქვს გეგმა, რომელიც შემდეგი სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

რაც შეეხება თვითონ შინაარსს, გეგმა ძირითადად აქცენტს აკეთებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად უსვამს ხაზს პრევენციის მნიშვნელობას და უწყებებს აძლევს კონკრეტულ დავალებებს, თუ რა უნდა გააკეთონ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა გეგმაში მოცემული არის ეფექტიანი რეაგირების საკითხიც, იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ფაქტი დადგა და ასევე დაზარალებულთა, ანუ მსხვერპლთა ხელმისაწვდომობა საჭირო სერვისებზე, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ასევე მეორე გეგმაში საუბარია ქალთა გაზრდილ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით აქცენტი კეთდება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მონაწილეობაზე ისეთი საკითხების განხილვისას, რომელიც კონფლიქტის მოგვარებასთან არის დაკავშირებული.

ასევე სერვისების მიწოდებაზე გვაქვს კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთებული და სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე განსაკუთრებით იმ, ქალების და გოგონების, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.“– განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

პოპულალურები