LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ – ხატია მოისწრაფიშვილი

538
49411116-347837705810666-2053065986067660800-n

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ ადმინისტრაციაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს და გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიღებული აქვს.

“გადაწყვეტილება წასვლაზე ნამდვილად მიღებული მაქვს”.

ხატია მოისწრაფიშვილი ამ დროისთვის ბიულეტინზე იმყოფება და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პრესსპიკერის თანამდებობიდან სხვა პოსტზე გადავიდა.  

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ადმინისტრაციაში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა და ბიულეტინის დასრულების შემდეგ, გახდებოდა ცნობილი გააგრძელებდა თუ არა ის მუშაობას სხვა თანამდებობაზე.

„ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს ყოველთვის ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული.

მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არასწორი და მცდარი ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე არ შესაბამება სიმართლეს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა,“ – ნათქვამია ხატია მოისწრაფიშვილის მიერ “ფორტუნასთვის” გამოგზავნილ განმარტებაში.

შეგახსენებთ, 6 სექტემბერს ხატია მოისწრაფიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მორალზე და წითელ ხაზებზე საუბრობს, რომლის გადაკვეთასაც არ აპირებს.

„არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! რაც მომწონდა, მომწონს ახლაც, რაც მიუღებელი იყო, არ მივიღებ მომავალშიც. სულ ეს არის. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, რომელიც შემხვდა და ჩემი თანამგზავრი გახდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთის გაცნობით გამაბედნიერებს ცხოვრება,“ – ხატია მოისწრაფიშვილის ეს პოსტი ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მისი პრეზიდენტის პრესსამსახურის პოსტიდან გათავისუფლება/გადადგომაზე გავრცელდა ინფორმაცია.

პოპულალურები