საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების საქმეში ფიგურირებს როგორც შეწყალებული რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, ასევე სხვა პირები.

საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების [მონაჭორი ვისიმე სახელის გასატეხად] და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა,“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05