საქართველოს პროკურატურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.
„გავრცელდა „ტვ პირველის“ ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვამართეს ნოდარ მელაძის შაბათიდან. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
„ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასევე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – ნათქვამია განცხადებაში.
