LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: უკრაინაში ჩასვლა უსაფრთხოების საკითხია… 2008–ში აქ ცეცხლი შეწყვეტილი იყო, როცა ჩამოვიდნენ

74
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახლა, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებებია, ეს უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს და შესაბამისად, ასეთ ადგილზე ვიზიტს გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვა სჭირდება.

ქადაგიშვილმა ამ საკითხზე საუბრისას, პარალელი 2008 წელს, საქართველოში ომთან გაავლო, როცა ქვეყანაში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ და თქვა, რომ ამ ვიზიტის დროს, საქართველოში ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.

„ასეთ ადგილზე ვიზიტს სჭირდება გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვა. ალბათ, ეს საკითხი იქნება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი.

ზოგადად, სოლიდარობა უკრაინის მიმართ გამოცხადებული გვაქვს… კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეგ ცალკე განხილვის საკითხია…

პირველ რიგში, მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როდესაც 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორების გახსნა ლოკალურად ხდება. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედებების ზონაა.“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეოცე დღეს, კიევში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ.

2008 წლის აგვისტოში კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა. სწორედ ამ დროს რუსეთის ჯარები, უკვე საქართველოს დედაქალაქს უახლოვდებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g