LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს“ – მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან

348
BeFunky-collage (4)

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები – შალვა ხაჭაპურიძე და ვალერი გელბახიანი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ ტოვებს.

ამის მიზეზად ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ და ამბობენ, რომ ახლა სააკაშვილის მთავარი ამოცანა მისი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაა.

აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრება თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მედიისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გამოთქვა. როგორც მანვე აღნიშნა, მამამისის როლი ქართულ პოლიტიკაში ძნელად წარმოსადგენია.

ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის პოლიტიკაში უფრო ხედავს, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში. ედუარდ სააკაშვილის თქმით, უნდა მოხდეს სააკაშვილის გამიჯვნა სამომავლოდ პოლიტიკისგან, რაც ხელისუფლებასაც კომპრომისებს გაუადვილებს.

ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხზე – ტოვებს თუ არა იგი პოლიტიკასა და მათ შორის პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერის პოზიციას, განცხადებას თავადვე გააკეთებს და შესაბამისად, საზოგადოებისთვის მისი გადაწყვეტილება ცნობილი, უახლოეს მომავალში გახდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმასაც აცხადებენ, რომ ახლა მთავარი ამოცანა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენაა და შესაბამისად, თუკი ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდის მხრიდან ეს პოზიცია სრულად გაზიარებული იქნება.

ამასთან, ენმ-ში განმარტავენ, რომ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომლის დამფუძნებელიც თავადაა, პროტესტის გამოხატულებად არ უნდა აღვიქვათ.

როგორც „ფორტუნას“ „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, უმთავრესი ამოცანა ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა და თუკი ის ქართულ პოლიტიკას დატოვებს, ეს ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს.

ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, გადაწყვეტილებას, ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – ნიკა მელია

 

რას ამბობს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი 

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმებულია – მისი ცნობით, სააკაშვილი საკვებს ვეღარ იღებს და მედპერსონალმა მედიკამენტურ მკურნალობაზე გადაიყვანა.

ხაჭაპურიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ექსპრეზიდენტს მისი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე არ უსაუბრია და მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილეს.

„ვკითხე, ქართული არხი სად არის-მეთქი, არ ვიცი პულტზე მაგის მოძებნაო, აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკით“ – ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

დასმულ კითხვაზე, რამდენად ცალსახაა სააკაშვილის პოზიცია მისი ქართული პოლიტიკიდან და ენმ-დან წასვლის თაობაზე, ხაჭაპურიძემ გვიპასუხა, რომ ადვოკატები მოქმედებენ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, აჟღერებენ იმ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი თავად ამბობს.

ხოლო მოსაზრებაზე, თითქოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ადვოკატების გარკვეული სტრატეგია იყოს, ხაჭაპურიძემ გვითხრა, რომ ნებისმიერი სტრატეგია და დაცვის ხაზი, რაც ადვოკატმა უნდა გააკეთოს, შეთანხმებულია ყოფილ პრეზიდენტთან, ხოლო მსგავსი რამ მათ სტრატეგიაში არ მოიაზრება.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, რამდენიმე დღეა საკვებს ვერ იღებს. გადასხმიდან მოხსნილია და გადაიყვანეს მედიკამენტურ მკურნალობაზე. როგორც ჩანს, ამ აბებსაც ვერ იღებს და შესაბამისად, ცხადია, მძიმე მდგომარეობაა.

დღეს მისი პოლიტიკიდან წასვლაზე საუბარი არ გვქონია. საუბარი იყო მომავალ სასამართლო პროცესზე, ტექნიკურ საკითხებზე: როდის ჩამოდიან ექსპერტები, როდის იქნება დასკვნა და ა.შ. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვები გააჩნია, შეუძლია მიმართოს.

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, რასაც გვეუბნება, იმას ვაჟღერებთ. ასეთი სტრატეგია არ ყოფილა და შემიძლია გითხრათ, რომ არც ახლაა ეს სტრატეგია, ამას დარწმუნებით, ცალსახად და მტკიცებით გეუბნებით.

არანაირ ამდაგვარ სტრატეგიაზე საუბარი არ ყოფილა, ნებისმიერი სტრატეგია და დაცვის ხაზი, რაც ადვოკატმა უნდა გააკეთოს, შეთანხმებულია მასთან. მსგავსი რამ ჩვენს სტრატეგიაში არ მოიაზრება. 

თუკი ვინმეს შეკითხვები გააჩნია, ეს ჩვენი – ადვოკატების საქმე ნამდვილად არ არის, შევიდნენ და გაარკვიონ. ფაქტობრივად, პოლიტიკაზე არ საუბრობს, თუკი რაიმე პოლიტიკური თემა წამოიწია, ძირითად შემთხვევაში, 100%-ით, ეს გახლავთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

როგორც ვიცი, ვალერი გელბახიანთანაც ისაუბრა ამ თემაზე (პოლიტიკიდან წასვლაზე). რაც შეეხება მოწვეულ ექსპერტებს, ნებართვა ამის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს, დაკვირვების პროცედურები დღეს დაიწყება.

დავაკვირდებით, შეისწავლიან და დასკვნაც გვექნება. საუბარია მსოფლიო დონის ექსპერტებზე, ეს ადამიანები იქნებიან ჩართულები.

რაც შეეხება მის საზღვარგარეთ მკურნალობასა და გადაყვანას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. იმედია, სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას გამოიტანს და მას ადეკვატური მკურნალობის საშუალებას მისცემს.“ – განუცხადა „ფორტუნას“ შალვა ხაჭაპურიძემ.

 

რას ამბობენ სააკაშვილის თანაგუნდელები

 

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პოზიციას, პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე, თავადვე გააკეთებს.

თუმცა, ამასთანავე, როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „ფორტუნას“ განუცხადა, ახლა უმთავრესი ამოცანა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენაა, ამდენად, მისი თქმით, ამ ცენტრალური საკითხის ირგვლივ ყველა თანამებრძოლი ერთიანია.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა გვითხრა, პირველად ამის შესახებ ედუარდ სააკაშვილმა ისაუბრა და შემდეგ უკვე მისი ადვოკატების მიერ გაჟღერდა. წიკლაურის თქმით, ეს იყო პარასკევი დღე, შემდეგი დღეების განმავლობაში კი, უშუალო შეხვედრები მიხეილ სააკაშვილთან არ მომხდარა.

თუმცა, მისი ინფორმაციით, დღეს უკვე პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტს შეხვდებიან  და მისი პოზიცია ცნობილი გახდება.

„რაც შეეხება პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას, როგორც მისმა ადვოკატებმაც ისაუბრეს, მეც და პარტიის სხვა წევრებსაც მიგვაჩნია, რომ ახლა უმთავრესი საკითხი მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაა.

აი, ეს არის ის ცენტრალური საკითხი, რომლის გარშემოც ყველა ერთიანდება, ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ფუნდამენტურ უფლებას – ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას მოემსახურება, მიღებული იქნება ისე, როგორც საჭიროა და, რა თქმა უნდა, ის ყველა ჩვენგანის მიერ სრულად მხარდაჭერილი იქნება“, – განუცხადა „ფორტუნას“ ნუგზარ წიკლაურმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლებლად მიიჩნევენ თუ არა პარტიაში, რომ სააკაშვილმა მის მიერვე დაფუძნებული პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ამასთან, ქართული პოლიტიკაც, ნუგზარ წიკლაურმა გვიპასუხა:

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაფარული არ არის – ამის თაობაზე რამდენიმე კონსილიუმის პოზიცია არსებობს და უახლოეს დღეებში კიდევ ველოდებით, რომ კიდევ ერთი კონსილიუმი თავის დასკვნას საბოლოოდ გამოაქვეყნებს.

ჩვენ, ყველამ, ჩვენი თვალით ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, პირდაპირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ამის კადრებიც არსებობს და ამიტომ ის, რომ [სააკაშვილი] კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს, ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს.

აგრეთვე, ის გარემოება, რომ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იცვლება, არც ეს იწვევს ეჭვს. საუბარია 14 თუ 15 დაავადებაზე, რომელთა მკურნალობა ვერ ხდება, არა იმიტომ, რომ ვინმეს არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში შესაბამისი მომსახურება არ არსებობს და მე ახლა მედიკოსების საუბრიდან გამომდინარე ვაპელირებ, როცა ისინი ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი რესურსი არ არსებობს.

ამდენად, ამ ვითარებაში, ყველაზე მთავარი საკითხი არის მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა.

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს. თუ ის ტოვებს მთლიანად ქართულ პოლიტიკას, ცხადია, ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს.

ეს ისე კი არ უნდა აღვიქვათ, რომ რაღაც პროტესტის გამოხატულებაა იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომლის დამფუძნებელიც თვითონაა, არამედ (თუ ადვოკატების ნათქვამს დავეყრდნობით) ის ამბობს, რომ ტოვებს მთლიანად ქართულ პოლიტიკას.

აი ეს არის ახლა მთავარი და არ მგონია, რომ ამ საკითხზე დამატებითი კუდების მობმა, ამ საკითხს და მის წარმომთქმელებს რაიმეს მატებდეს.“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.

 

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე

 

„ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ ისევ და ისევ სასჯელს გვერდი აუარონ“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია.

მისი აზრით, ეს ნაბიჯი პოლიტიკური დისკუსიების დაწყებისთვისაა გამიზნული. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამას არც დამაჯერებლობა, არც არგუმენტაცია და არც რელევანტურობა აქვს, რომ რაღაცის სანაცვლოდ მაგიდაზე დაიდოს.

„ის გარემოება, რომ სააკაშვილის ახლო გარემოცვის ადამიანები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს დამაჯერებელი და გულწრფელი ნათქვამი არაა.

აბსოლუტურად გულწრფელიც რომ იყოს ეს განცხადება და გეგმას წარმოადგენდეს, მე არ მგონია, რომ თვისებრივად ეს რაიმე დიდ ცვლილებას ახდენდეს ნებისმიერი მიმართულებით.

საქართველოში პოლიტიკოსობაზე ხელის აღება სადღაც საავადმყოფოში გადაყვანის საპირწონედ არ შეიძლება განვიხილოთ. რაც არ უნდა მოხდეს, მას, როგორც პატიმარს აქვს უფლებები, რომელიც ერთგვაროვნად იქნება დაცული იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას განაცხადებს ის.“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმეს.. ღმერთისაგან და ადამიანისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g