LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, კომპრომისები შეიძლება ორმხრივი იყოს – აშკარა გახდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს და ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე – ედუარდ სააკაშვილი 

18489
ედუარდსააკაშილი

მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილისთვის, მამამისის როლი ქართულ პოლიტიკაში ძნელად წარმოსადგენია. ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის პოლიტიკაში უფრო ხედავს, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში.

როგორც ედუარდ სააკაშვილი ამბობს, უნდა მოხდეს სააკაშვილის გამიჯვნა სამომავლოდ პოლიტიკისგან, რაც ხელისუფლებასაც გაუადვილებს კომპრომისებს.

“ჩემი აზრით საჭიროა, მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რომ რაღაც კონსენსუსი შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას და მკურნალობას და წვდომა ჰქონდეს ამაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია დეპოლიტიზირდეს მისი საკითხი, ამისთვის შეიძლება საჭიროა, მისი როლი პოლიტიკაში საერთოდ გადაიხედოს.

მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ, ჩემი ოჯახის, მამაჩემის სანახავად. ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა, ზუგდიდში, ბათუმში, მეგობრებთან, მაგრამ ხალხი გვხვდება, თუ მცნობენ მეკითხებიან, მიშა როგორ არის, არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს და ა.შ. არიან ბევრი, რომელიც ასე უყურებს, მაგრამ არის შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ისინი ამომრჩევლებიც კი არა არიან მიშასი და “ნაციონალური მოძრაობის”. ამიტომ მე მგონია, ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის ფართოდ გავრცელებული. თუ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზირებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა. მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს მხოლოდ, მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, შეიძლება იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ, მის პოლიტიკურ აქტიურობას.

დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად. ჩამოსვლამდე წერდა, რომ მე ჩამოვალ, შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ა.შ. მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ და ეს იყო დიდი შეცდომა.

მე არ ვამბობ, რომ გარიგება უნდა შედგეს, კულისებში ხელის ჩამორთმევებზე არ მაქვს საუბარი, თუ კომპრომისებზეა საუბარი, შეიძლება ორმხრივი იყოს, ისიც აშკარა გახდეს, რომ მამაჩემი ქართულ პოლიტიკაში თავის თავს ვეღარ ხედავს მომავალში და მეორე მხრიდან წამოვიდეს შეიძლება სურვილი, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება მოხდეს. მე მხოლოდ მივესალმები ამას. მე ვცდილობ რეალისტურად შევხედო მამაჩემის რთულ მდგომარეობას. მე ვფიქრობ, შეიძლება შეიქმნას კონსენსუსი საზოგადოებაში, ძალიან ფართო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, საქართველოს უახლეს ისტორიაში და აწმყოშიც, იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი გავლენა იმაზე, როგორი საქართველოც დღეს არის. ამ კონსენსუსში ხალხმა თქვა, რომ დავაფასოთ მისი ღვაწლი, ცუდი, კარგი და შევუქმნათ მას ღირსეული ჯანმრთელობის მდგომარეობის უფლება. თუ შეიქმნება ასეთი კონსენსუსი, ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე ამ საკითხებზე, კონკრეტულად საუბარია, ჰუმანური მოპყრობის საკითხზე, სასჯელის გადავადება და ა.შ. რაც ლეგალურად დაშვებულია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნიადაგი, რომ ეს მართლა მოხდეს. საერთაშორისო დონეზეც ასე უყურებენ, მე და გიული შეხვედრებს ვმართავდით, იქაც მგონია, რომ თუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსენსუსი არსებობს ევროპაშიც ამაზე, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, იქ უფრო იყოფა აზრები. თუ მოვახერხებთ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი კონსენსუსი, მამაჩემსაც შეუძლია ამაში წვლილის შეტანას, თუ მოახდენს დეკლარირებას, მაგრამ ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა ტრიუკი”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g