”ქართულ ოცნებაში” არის რადიკალური ფრთა, რომელიც ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, პოლიტიკურ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ, ”ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული. ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა და განმარტავს, რომ მზად არიან იმისთვის, რომ ”ქართულმა ოცნებამ” პარტიის შიგნით არსებული ბარიერები გადალახოს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება შექმნილი კრიზისის სიმწვავეს გააცნობიერებს და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება.
“იმედი მაქვს ”ქართულ ოცნება” გადადგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და მოლაპარაკებები განახლდება. ამისთვის, ”ქართულმა ოცნებამ”, უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების თარიღი, ან საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუსვას კითხვა, სურთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიანად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისეთი ადამიანებით, რომელიც არასდროს იკადრებენ იმას, რაც 2020-ის 31 ოქტომბერს ვიხილეთ. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადასინჯოს საკუთარი მიდგომები და გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევის ფონზე, ეს პარლამენტი ნორმალურ ფუნქციონირებას ვერ შეძლებს”.- აღნიშნა, ჯაფარიძემ.