გასტროენტოროლოგმა, თერაპევტმა გიორგი გვილიამ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვიზიტისას უპასუხა კითხვას, რამდენად ხშირია ნაღვლის ბუშტის ანთება და რა დროს არის ის საყურადღებო:
„ქართველებს ძალიან გვიყვარს ნაღვლის ბუშტის ანთება და ყველაფერში ნაღვლის ბუშტია ხოლმე დამნაშავე. ხანდახან ისეთ არა ნაღვლისბუშტურ სიმპტომებსაც კი, როგორიც არის ხველა, ბეჭებს შორის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი ნაღვლის ბუშტს აწერენ. თუ რაიმე სტკივათ მუცლის ღრუში, მის გარეთ ან გულ-მკერდის ღრუში, რა თქმა უნდა ნაღვლის ბუშტზე მიაქვთ ეჭვი, რაც სწორი არ არის.
ნაღვლის ბუშტის ანთება, კენჭოვანი თუ არა კენჭოვანი ქოლეცისტიტი ასეთი ხშირი დაავადება არ არის. როდესაც ულტრაბგერითი კვლევით ნაღვლის ბუშტის კედლის შესქელება აღინიშნება, ესეც ყველა შემთხვევაში არ არის ქოლეცისტიტი, უნდა დავაკვირდეთ კლინიკურ სიმპტომებს. ნაღვლის ბუშტის ანთებას თავისი ლაბორატორიული მაჩვენებლები და კლინიკური ნიშნები ახასიათებს.
კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი და მეტეორიზმი – გიორგი გვილიას რეკომენდაციები
მწვავე ქოლეცისტიტი ნამდვილად მწვავე დაავადებაა, მწვავე ტკივილით მიმდინარეობს, ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიებს – გულისრევა, ტემპერატურის მატება. უნდა ითქვას, რომ დიფერენცირება ქოლეცისტიტსა და პანკრეატიტს შორის საკმაოდ რთულია და სერიოზულ კვლევას საჭიროებს, მხოლოდ ფიზიკალური გასინჯვა არ შველის და ასევე ხშირად მკურნალობაც დიდად არ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან. ნებისმიერი გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში კვების შემდეგ, ეს არ არის ნაღვლის ბუშტის სიმპტომატიკა, თუმცა შესაძლებელია ნაღვლის ბუშტის ცუდმა კუმშვამ, ნაღვლის დაგვიანებულმა გადმოსროლამ ეს გამოიწვიოს და აქ ნამდვილად საჭიროა პროფესიონალის ჩარევა და ამ მდგომარეობების გამიჯვნა ერთმანეთისგან“ – განაცხადა გიორგი გვილიამ.
