LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენა აქვს კორონავირუსს რადიობიზნესზე და რას აკეთებს მთავრობა მის მხარდასაჭერად?

3571
რადიო

პანდემიის ნეგატიური გავლენები სახეზეა მრავალი მიმართულები, მათ შორის მედიაბიზნესზე, რომელიც კორონავირუსმა სხვა ბიზნესსექტორის მსგავსად მძიმედ დააზარალა. კოვიდპანდემიასთან გასამკლავებლად კი მსოფლიო მასშტაბით, სწორედ, მედია დასახელდა იმ სტრატეგიულ სფეროდ, რომლის გაძლიერებაც მრავალი მიმართულებით არის ხელშემწყობი თავად სახელმწიფოებისთვის.

როგორ აისახა კოვიდ-19  რადიოსექტორზე, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, რა გზა არსებობს გამოწვევების დასაძლევად და რა როლი აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამ პროცესში – საკითხს ვრცელ მიმოხილვას უძღვნის Forbes Georgia.  “ფორტუნა”  აღნიშნულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

 

რა გავლენა აქვს კორონავირუსს რადიობიზნესზე და რას აკეთებს მთავრობა მის მხარდასაჭერად?

 

კორონაპანდემიის უმძიმესმა შედეგებმა, უკვე, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებს არა მხოლოდ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის ხელფასების შემცირება უწევს, ხშირ შემთხვევაში გადარჩენისთვის იბრძვიან.

პირველ ტალღას ბიზნესმა ასე თუ ისე გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე სექტორმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულმა გარკვეულმა შეღავათებმა კომპანიების ნაწილს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თუმცა, მათ შორის ვერ მოხვდა მედია და კონკრეტულად, რადიომაუწყებლები.

 

რატომ მედია და რატომ რადიო?

მსოფლიოში პანდემიის გავრცელების პარალელურად, ჰოსპიტალურ სექტორსა და ფარმაციასთან ერთად, სწორედ მედია დასახელდა იმ სტრატეგიულ სფეროდ, რომლის გაძლიერება-ხელშეწყობაც უმნიშვნელოვანესია ობიექტური ინფორმაციის გასავრცელებლად და შედეგად, ვირუსის პრევენციის, შეკავებისა და ეფექტიანი მართვისთვის. მედიასექტორს  შორის კი რადიოა ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიული საშუალება, რომლის დაფარვისა და გავრცელების ზონაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსახლეობის დროული, სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მიზნების მისაღწევად.

ევროპის რადიოასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ამბობს, რომ პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა რადიოს როლი და მის მიმართ სანდოობის პარამეტრი – ევროპელების 57% სწორედ რადიოდან მიღებულ ინფორმაციას ენდობა, ტელევიზიებს – 49%, პრესას კი 46%.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ კერძო რადიომაუწყებლებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მედიაპლურალიზმში, კულტურულ განვითარებასა და სოციალურ ჩართულობაში.

 

როგორ აისახა COVID-19 რადიობიზნესზე?

 

პანდემიის ნეგატიური გავლენები უცხო არ აღმოჩნდა რადიოსექტორისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ბიზნესი, რომელიც  ფაქტობრივად, სრულად დამოკიდებულია რეკლამიდან მიღებულ შემოსავალზე, ჯაჭვური რეაქციით, თავად ფინანსურ კრიზისში მყოფი პარტნიორების შედეგად, იმ რესურსის გარეშე  დარჩა, რომელმაც რადიოსექტორში დასაქმებულთა ხელფასებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვა უნდა უზრუნველყოს.

პრობლემის აღმოსაფხვრელად მთელ რიგ ქვეყნებში, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მძლავრი ინსტრუმენტები და მათ შორის საშეღავათო პაკეტები შეიმუშავეს. მოვლენათა ამ ქრონოლოგიას განსხვავებული გაგრძელება აქვს საქართველოში. მაშინ, როცა ბიზნესის ნაწილი კოტრდება, ნაწილს შემოსავლები უმცირდება, ორგანიზაციების უმრავლესობამ რადიოში რეკლამა საერთოდ გააჩერა ან მნიშვნელოვნად შეზღუდა.

 

რადიო ჰოლდინგ „ფორტუნა“-ს გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე ამბობს, რომ პანდემიამ რადიო სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა.

 

“რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, როგორც უმრავლესობა  ბიზნესებისა, პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. სამწუხაროდ, საყოველთაო კრიზისის ფონზე განხორციელებულმა სავალდებულო და ალბათ, საჭირო სახელმწიფო  შეზღუდვებმა მძიმე პირობებში ჩააყენა ბიზნესი და ამით ჩვენც, შესაბამისად, რადიო სექტორს, მძიმე დარტყმა მოგვაყენა.

მოგეხსენებათ, რადიო სექტორისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს  სარეკლამო და სასპონსორო განთავსებები წარმოადგენს. როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიის დაწყებისთანავე დიდმა ნაწილმა პარტნიორმა კომპანიებმა  შეაჩერა ან  შეწყვიტა არსებული კონტრაქტები, რამაც რისკის ქვეშ დააყენა სრულიად რადიო სექტორი. ისიც მოგეხსენებათ, რომ მედიისთვის პანდემიის პიროებებში გაძლიერებული რესურსით უწევს ოპერირება, რაც უფრო მეტად აღრმავებს წნეხს ამ სექტორზე. იმ პირობეში, როდესაც გაორმაგებულია მოთხოვნა ინფორმაციის ოპერატიულად  მიღებაზე, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, დავაკმყაოფილოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესი.

მოგეხსენებათ, რადიო ჰოდლინგ „ფორტუნას“ ყოველკვირეულად ნახევარ მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს. ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვუფრთხილდებით ნდობის იმ მანდატს, რომელიც საზოგადოებისგან გვაქვს. პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, რათა დროულად და სრულფასოვნად მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია.

ყოველივე ეს მარტივი არ არის, რადგან ჩვენს ჰოლდინგში 130-მდე ადამიანია დასაქმებული და შემოსავლების მკვეთრად კლების მიუხედავად  ყველაფერს ვაკეთებთ, რათა  შევინარჩუნოთ თითოეული თანამშრომელი და ამავდროულად, უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი კონტენტი.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რადიო არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხი, რომელიც სარგებლობს საზოგადოებში დიდი პოპულარობით და ნდობით როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში და ის ასრულებს უმნიშვენელოვანეს როლს სახელმწიფოს, ბიზნესის და ჯანსაღი მედია გარემოს განვითარებაში.

რადიო სექტორი საჭიროებს მეტ ყურადღებას და დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან. იმისთვის, რომ რადიომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სექტორთან კონსულტაციები, როგორც ეს განხორციელდა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში. ჩვენ ვართ, ყველაზე გავლენიანი ევროპის რადიო ასოციაცია „AERის წევრები, ვართ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში, ჩართულები ვართ სამუშაო შეხვედრებში, ვიცით რა არის შექმნილი კრიზისის დაძლევის ეფექტიანი გზები და გვსურს ხელისუფლებასთან ერთად დავსახოთ ის როგორც სექტორის, ასევე საზოგადოების მხარდასაჭერად,“ ამბობს თამარ ჩიგოგიძე.

 

გოგა სამუშია, მედია პლატფორმა „კომერსანტი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, სახელმწიფოს მხრიდან რადიოსექტორისთვის გასატარებელ საშეღავათო პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს:

 

 „კოვიდპანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი, მწვავე აღმოჩნდა ქართული ბიზნესისთვის. აღნიშნული ვითარება,  არც ჩვენი რადიოსთვისაა გამონაკლისი, რომელმაც  ბოლო წლებში  განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რაც სარეკლამო ბაზრის სამართლებრივ რეგულირებას ეხებოდა, საკმაოდ იზარალა. რადიოსექტორის შემოსავლის ერთადერთი  წყარო  – რეკლამა, პანდემიური სიტუაციით გამოწვეული დამატებითი შეზღუდვების გამო ბიზნესმა ფაქტობრივად, გააჩერა, შესაბამისად, აღნიშნული სიტუაცია რა თქმა უნდა ჩვენთვისაც გამოწვევაა, რომ პირველ რიგში შეინარჩუნო რადიო, როგორც ბიზნეს სუბიექტი და მოახერხო შეასრულო სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების წინაშე. იმ ფონზე, როცა სექტორს საქმიანობა არც ერთი წუთით არ შეუჩერებია ჯერ-ჯერობით რთულად, მაგრამ თავს ვართმევთ ამ ამოცანას. იმედი გვქონდა, რომ სახელმწიფო  გაითვალისწინებდა სექტორის თხოვნას, დროებითი შეღავათების  დაწესებასთან დაკავშირებით. თუნდაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტელერადიო ცენტრის მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით. აღნიშნული კომპანიის სერვისზე  ყოველთვიური გადასახადი ამ ეტაპისთვის უდიდესი ხარჯია ყველა რადიოსთვის.

მნიშვნელოვანია საგადასახადო კუთხით შეღავათის შემოღებაც. ზოგადად, დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ მცირე შემოსავლიანი მედია, როგორიც რადიოებია უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, როგორც წლების წინ ეს მოხდა ბეჭვდითი მედიის განვითარების წასახალისებლად. ამ საკითხის გადაჭრა ამ რთულ დროს საშუალებას მოგვცემდა მთლიანად შევინარჩუნოთ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები და პოსტკრიზისულ პერიოდში განვავითაროთ მედიის ეს მიმართულება“.

 

მაკა ჯახუა, „მწვანე ტალღა“-ს დირექტორი, საერთაშორისო გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხელისუფლებისგან დიალოგის დაწყება, პრობლემის აღმოფხვრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

 

პანდემიის დაწყების პირველივე თვიდან არაერთი წერილით მივმართეთ  პრემიერს და შესაბამის მინისტრებს, ასევე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რადიო სექტორისთვის შეღავათების და დახმარების პაკეტის შესამუშავებლად . სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  სამუშო შეხვედრის ორგანიზება .

მთელ მსოფლიოში სტრატეგიულ სფეროებად , რომელთა შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია პანდემიის პირობებში დასახელდა ჰოსპიტალური  სექტორი , ფარმაცია და მედია …

დედამიწის ყველა კონტინენტზე არნახული დახმარების პაკეტები შეიმუშავეს ქვეყნებმა, ევროპარლამენტარმა, ევროპარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე დასი მელბორდემ  პირველივე დღეებიდან მოუწოდა ევროკავშირს სასწრაფოდ ჩამოყალიბებულიყო ქვეყნებში ტრადიციული მედიის გადარჩენის საგანგებო ფონდები, რადგან შეიძლება დაიკარგოს  მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ჟურნალისტიკა და  მათგან დატოვებული ცარიელი წერტილები შეიძლება სწრაფად შეივსოს პროპაგანდითა და დეზინფორმაციით.

სახელმწიფოების მიერ შეიქმნა სპეციალური საგრანტო მედია ფონდები. შემუშავდა საგადასახადო შეღავათების სქემები , სუბსიდირების ფორმები.

დანარჩენი მსოფლიოსგან არაფერს ვითხოვთ განსხვავებულს. პირველ რიგში, 10 თვიანი ლოდინის შემდე, კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა გვჭირდება ხელისუფლებასთან  და მზად ვართ კონკრეტული სქემების განსახილველად .

როდესაც ინდუსტრიის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ გვინდა თევზი – გვინდა ანკესი, რომ  ფუნქციონირება და განვითარება შევძლოთ – ადამიანების დასაქმება, გადასახადების გადახდა, პანდემიის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს განვითარებასა და გადარჩენაში  წვლილის შეტანა. რადგან ვთვლით, რომ პროგრესული ქვეყნების რიგში ვართ, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ ყველა მხარე. მოთმინებით ვიცდით 10 თვის განმავლობაში. ანგარიშს ვუწევთ ხელისუფლების ფორსმაჟორულ ვითარებას, მაგრამ მეორე მხარის თანადგომის და შემხვედრი ნაბიჯების გარეშე გადარჩენას ვეღარ შევძლებთ“.

 

რამაზ სამხარაძე, მედიაჰოლდინგ „ჰერეთი“-ს დირექტორი შემოსავლების 70%-იან ვარდნასა და მის გავლენებზე საუბრობს:

 

„ჩემი რადიო, რადიო თბილისი FM 93.5  – 90%–ით დამოკიდებულია ავტომობილების მოძრაობაზე. როცა ეს შეიზღუდა, უამრავმა კომპანიამ დროებით შეაჩერა ან საერთოდ გააჩერა რეკლამა. ეს ავტომატურად აისახა ჩვენს შემოსავლებზე. მიმდინარე ხელშეკრულებებს, რაც გაფორმებული გვქონდა, ვერ ვასრულებდით. მესმის, რომ ყველა ცუდ სიატუციაში ვართ, მაგრამ მიმდინარე გადასახადებია – ელექტროენერგიის, ანძების და ა. შ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, ისეთი ტიპის გადასახადები, რომელიც სახელმწიფოს ხელშია საერთოდ შემცირდეს ან გადაიდოს. თუნდაც საშემოსავლო, დღგ. კარგი იქნება, ეს თუ სხვა ბიზნესის გარდა, რადიოსაც შეეხებოდა.

საშემოსავლო გადასახადი ძალიან დიდ ტვირთად გვაწევს. ისედაც მწირია ბაზარი, ისედაც სუსტია რადიო სარეკლამო ბაზარი და ეს გადასახადები არის ჩვენთვის პრობლემა. ასევე, ტელერადიო ცენტრის საკითხიც მნიშვნელოვანია, რადგან მისი 100%–იანი წილის მფლობელია საქართველოს მთავრობა. მის ხელშია ამ ორგანიზაციის სუბსიდირება. ყველა განვითარებული ქვეყანა ზრუნავს, რომ  ბიზნესი გადაარჩინოს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ვინმემ ერთიანად მოგვცეს თანხები. ჩვენ ვითხოვთ, რომ გარკვეული შეღავათები დაწესდეს, რომ რადიო -ბიზნესი, რომელიც ყველაზე მოწყვლადია, გადარჩეს. ჩვენ სარეკლამო შემოსვლების თვალსაზრით  დიდი ჩავარდნა გვქონდა. ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ეს შემოსავლები 70%–თ შემცირდა. როცა ამ ვითარებაშიც კი, რეგიონული რადიო მაინც დიდ როლს ასრულებდა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზირისით, აქაც კი ვარდნაა, არა მხოლოდ თბილისში, სადაც ისედაც მაღალი კონკურენციაა და ჭირს ხოლმე სარეკლამო თანხების მობილიზება. მსხვილმა კომპანიებმაც კი გამიჩერა კონტრაქტები. ჩვენ მოგვიწია თანამშრომლების შემცირება, მთლიანად გადაწყობა და ეს სტრატეგიული ობიექტი – მედია, ამ შემთხვევაში, რადიო, აღმოჩნდა აბსოლუტურად მარტო პრობლემების წინაშე.

45 რადიომაუწყებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით – ეს არის ძალიან ღირებული ინდიკატორი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რომელიც აუცილებლად შესანარჩუნებელია. ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ – შეგვიწყეთ ხელი, რომ ვიმუშაოთ, გადავრჩეთ“.

 

მედიაექსპერტი, ნათია კუპრაშვილი რეგიონული მედიის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

 

„წელს პოლიტიკური რეკლამაც კი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი რეგიონულ მაუწყებლებლებში. ნულოვანია, ფაქტობრივად, შემოსავლები. ძალიან მძიმედ აწევთ კომუნალური გადასახადები, იცით, რომ კომპანიებისთვის ესეც გაძვირდა, რაც განაჩენია რეგიონული რადიოებისთვის და ტელევიზიებისთვის, სადაც კომერციული შემოსავლები ასევე მკვეთრადაა შემცირებული. იყო კომუნიკაცია გუბერნატორებთან, საქმის კურსში ჩააყენეს, სთხოვეს, რომ ყურადღება მიექციათ სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებისთვის. ერთადერთი პრემიერის განცხადება მოვისმინეთ, რომ ჩვენი წინადადები განიხილებოდა, მაგრამ რა განიხილეს და რა გადაწყვიტეს, ამაზე არაფერი გვსმენია. რაც შეეხება გამოსავალს, პირველ რიგში, საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას ვითხოვთ. ეს მით უფრო კრიზისის ფონზე, აუცილებელია. ასევე ვამბობთ, რომ დახმარების პაკეტები, რაც ევროკავშირის, აშშ-ს მხრიდან ბიზნესისთვისაა გამოყოფილი, აქედან ცალკე ხაზი უნდა გაჩნდეს მედიაბიზნესისთვის, რადგან ბანკებთან სესხიც კი შეიძლება ვერ აიღო, რადგან მედია რისკ-ჯგუფშია მათთვის. ასევე აუცილებელია, რაც სახელმწიფოს ხელშია, იმ რესურსებით დაწესდეს შეღავათები. პირველ რიგში, ანძების გადასახადს ვგულისხმობ“.

 

გიორგი შარაშიძე, რადიო „ენერჯი“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ პანდემიამ რადიოს სმენადობა გაზარდა:

 

„განსაკუთრებით რთული იყო პირველი ორი თვე, ფაქტობრივად, მანქანებიც არ მოძრაობდა. ახლა კი როცა ავტომობილებს შეზღუდვა არ შეხებია, რადიოს, როგორც მედიასაშუალების აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, თუმცა ამის ფონზე, ჩვენ მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა მედიაგაყიდვები. იკვეთება, რომ საქართველოში დომინანტი რეკლამის კუთხით, მაინც ტელევიზიაა. მაგრამ რადიოს სპეციფიკა, მისი ოპერატიულობა თუ მობილურობა ბიზნესისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით და შედეგზე ორიენტირებული მიზნებისთვის ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტია.“

 

რას ამბობს რადიოკვლევები?

 

საქართველოში მედიაკვლევები პერმანენტულად ტარდება (გამონაკლისია 2020 წელი). მუდმივად იკვლევენ და ზომავენ რადიორეიტინგებსაც, რომლის მთავარი ამოცანაც რადიოს მიმართ საზოგადოების განწყობების შესწავლაა – რაც ერთი მხრივ, რადიოსექტორს აძლევს საშუალებას იცოდეს ვინ არის მისი მსმენელი, რა ინტერესები აქვს მას, რაც რადიობაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესს აძლევს საშუალებას ეფექტიანად დაგეგმოს საკომუნიკაციო სტრატეგია და გაზომოს მოსალოდნელი შედეგებიც.

ინა ღონღაძე, „აი პი ემ“- ის აღმასრულებელი მკვლევარი ამბობს, რომ „სოციალურად აქტიური საზოგადოების 50-52% რადიოს მსმენელია. რადიო ზოგადად, ძალიან საინტერესო ინდუსტრიაა, რომელიც ურბანული განვითარების, საცობების კვალდაკვალ სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციებს.“

 

დასკვნის სახით…

 

ფაქტია, რომ რადიო მთელ მსოფლიოში ისევ პოპულარულ, სმენად და სანდო წყაროდ რჩება და პანდემიის ნეგატიურ შედეგებთან გასამკლავებლად, სახელმწიფოებმა მისი გაძლიერება ერთ-ერთ პრიოტიტეტად აქციეს.

ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიოს როლი მნიშვნელოვანია და ის, საზოგადოებას ინფორმაციის ობიექტურად და ოპერატიულად მიღებისთვის სჭირდება ყველგან, სადაც საქართველოა – მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც რადიოსიგნალი საქართველოდან ქართულ ოჯახებთან ჯერ კიდევ აღწევს.

ფაქტია, რომ ახლა, ყველასთვის და განსაკუთრებით, რადიომაუწყებლებისთვის მძიმე ვითარებაა.

სწორედ, ამიტომ ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობაა ამ მედიაბიზნესის მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ისინი რომ არ გახდნენ იძულებულნი გაათავისუფლონ თანამშრომლები, ვერ გადაიხადონ გადასახადები, ვერ შეასრულონ ვალდებულებები და ვერ უზრულველყონ მოქალაქეების ინფორმირება მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებას, სწორად მიწოდებას, ქვეყნის მასშტაბით სრულად მოცვას – უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც პანდემიის დროს თავად მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის, რომელსაც დამატებით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ასობით მოქალაქის კომპენსაციითა და სხვა სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა მოუწევს.

 

პოპულალურები