20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სხვა ბევრთან ერთად, მაკო გომური, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, დაზარალებულად ამ დრომდე არ უცნიათ.

ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და დღეს ამაზე კომენტარის გაკეთება, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ და ახლანდელ პრემიერს მოუწია.

გიორგი გახარია განმარტავს, რომ დაზარალებულად ცნობას თავისი პროცედურები აქვს და მხოლოდ ამის გამო არ არის მაკო გომური იმ სიაში, სადაც 67 სამართალდამცავი მარტივად მოხვდა (პროცედურების მიუხედავად).

“დაზარალებულად ცნობას, თავისი პროცედურები აქვს. როგორც ვიცი, მაკო გომურთან დაკავშირებით ეს პროცედურები მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება ის იქნება დაზარალებულად ცნობილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე შესთავაზა თუ არა მან გომურს შეხვედრა და მიიღო თუ არა მოთხოვნაზე უარი, ის პასუხობს:

“არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება მაშინვე განვაცხადებ,” – განმარტა პრემიერმა.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთა დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე.

საია ამ მონაცემებს გენერალური პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას.

დამნაშავეები თუ პოლიტპატიმრები: 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები ისევ საპატიმროებში რჩებიან

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები