LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დაპატიჟა ცნობილი სახეები კახაბერ ცისკარიძემ ბათუმში საკუთარი შოურუმის გახსნაზე   

633
kaxaciskaridzeexl

1-ელ ივლისს, ბათუმში, კახაბერ ცისკარიძემ პირველი შოურუმი გახსნა. ტანსაცმლის დიზაინს უკვე სამი წელია ქმნის, თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდოს და ორი ხაზი შექმნა, ერთი – თავისუფალი, ე.წ. ქეჟუალ სტილის სამოსია, მეორე კი უფრო მეტად ექსკლუზიური და სახელობითი. სამოსი ქართული ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა თანამედროვე ელფერი აქვს მიცემული, ისევე, როგორც კახაბერის მუსიკას. ის მიიჩნევს, რომ ბრენდის ახალი კოლექციებით მყიდველს საკუთარ კომფორტს უზიარებს.

გარდა ამ პროექტისა, კახაბერი მუსიკალურადაც საკმაოდ აქტიურია და ოთხ ალბომზე იმუშავა. ასევე მალე მაყურებელი იხილავს მისი იდეით გადაღებულ სერიალს ბათუმის შესახებ.

კახაბერი:

ჩემი პირველი შოურუმის გახსნა ბათუმში გადავწყვიტე. ეს არის გამორჩეული ადგილი, სადაც არა მხოლოდ სამოსის შეძენა შეუძლიათ ადამიანებს, არამედ თავშეყრა და განსხვავებულ საღამოებზე დასწრება… ეს არის ადგილი კოლაბორაციებისთვის. მუშაობს გვიანობამდე. დღის მეორე ნახევარში მუსიკოსები უკრავენ ხოლმე. ვაპირებ გამოფენების მოწყობასაც. სამოსი, რასაც ვქმნი, ჩემს მუსიკას უკავშირდება და იმას, რომ მინდა, კომფორტი სხვებსაც გავუზიარო. მუსიკა ერთია და ეს კიდევ სხვა. ჩემს სამოსს მუსიკალური საფუძველი აქვს.

რატომ ბათუმი, ამ კითხვის დასმა, ალბათ, ზედმეტია…

ზოგადად, ბათუმში იბადება ყველა ჩემი იდეა და მოდის ბათუმიდან, ისევე, როგორც მე მოვდივარ ბათუმიდან. ჩემი ბრენდის პირველი შოურუმის გახსნა ჩემს ქალაქში მინდოდა. ვფიქრობ, ამ პროდუქტს სწორი შეფასებები მოსდევს.

კონკრეტულად რა გამოხმაურებებს გულისხმობ?

მომწონს ის, რომ ყველას მოსწონს სამოსი, რომელიც კომფორტსა და ხარისხთან ასოცირდება. ის ელემენტები, რაც სამოსს აქვს, ადამიანს გამორჩეულს ხდის.

პრეზენტაცია სპეციალურად გავაკეთე ტელევიზიებისა და ცნობილი ადამიანების გარეშე, რადგან ეს ძალიან სახალხო პროდუქტია, ამიტომ მიზანშეწონილად არ ჩავთვალე, რომ გახსნა გამეკეთებინა. გაიხსნა და მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს ასეთმა ადგილმა – მუსიკა, შემოქმედებითი ადამიანები, შემოქმედების გაზიარება, კოლაბორაციებზე გადაწყვეტილებები.

პიარის თვალსაზრისითაც უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია. ყველას გაუჩნდა კითხვა, რატომ არ დაგვპატიჟაო. თქვენი საშუალებით ყველას ბოდიშს მოვუხდი და მადლობას ვეტყვი დაინტერესებისთვის და იმისთვის, რომ სწორად მიიღებენ და გააზიარებენ ამ ფაქტს. მინდოდა, თავად ხალხს გაევრცელებინა ხმა ამ პროდუქციის გამოჩენის შესახებ და არა მედიას. მსიამოვნებს, რომ ამ ფორმამ გაამართლა, ადამიანებმა ერთმანეთს გადასცეს და ასე გავრცელდა.

როგორც აღნიშნე, შენი ბრენდი ბევრ ხალხზეა გათვლილი. მაინც როგორი ადამიანისთვისაა შენ მიერ შექმნილი სამოსი?

ვფიქრობ, შევქმენი მოდელები, რომლებიც შანსი არ არის, არ მოერგოს რომელიმე ადამიანის ვიზუალს, წონას, ზომას… შეიცავს ქართულ ელემენტებს და არის გათანამედროვებული. როგორც მე ვაკეთებ მუსიკას, ზუსტად ის კონცეფციაა. ქართველი ადამიანის შეედულებას გაძლევს, ოღონდ, ასე ვთქვათ, უფრო „ქეჟუალსა“ და თავისუფალ სტილს.

შოურუმში ერთი არის სახალხო ხაზი, უნისექსი, კაცებისა და ქალებისთვის – ფასი 50 ლარიდან იწყება და 250 ლარს აღწევს. მეორე ხაზი ჩემი საკონცერტო ცხოვრებიდან გადმოტანილი და ცხოვრებას მორგებულია, იქმნება თითო ან ორ-ორი, შესაძლებელია შეკვეთაც და არის უფრო მეტად ძვირად ღირებული, ნაჭრები და ნაშრომი უფრო მეტად მაღალფასიანია, მოდელების სირთულიდან და ექსკლუზიურობიდან გამომდინარე. სამი წელია უკვე, ამაზე ვმუშაობ და მიხარია, რომ ახლად გახსნილ შოურუმს ამხელა დაინტერესება აქვს. არის დაინტერესება, მაგრამ შემოდგომამდე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ ამასთან დაკავშირებით, თბილისს კი ბათუმიდან მივაწვდით. ყველაფერი უკვე მზადდება ბათუმში.

უცხოეთიდან ხომ არ არის დაინტერესება?

სხვათა შორის, არის დაინტერესება უცხოეთიდანაც, რომ ეს ხაზი წაიღონ, ვნახოთ, როგორ მოხერხდება.

რეალურად გამოდის, რომ პირველი მუსიკოსი ვარ საქართველოში, ვინც ტანსაცმლის ხაზი გააკეთა. თავად ეს ფაქტი მსიამოვნებს, რომ მე აღმოვჩნდი ჩვენს ქვეყანაში პირველი ამ კუთხით.

მსოფლიოში ზოგადად ძალიან მიღებულია.

ყველა ქვეყანაში არტისტებს აქვთ თავიანთი სახელობის სამოსი, აღმოჩნდა, რომ აქამდე საქართველოში არ ყოფილა.

პანდემიას შენზე კარგად უმოქმედია…

საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის ეს პერიოდი. გარდა იმისა, რომ შოურუმი გავხსენი, ოთხ ალბომზე ვიმუშავე, რომლებიც ეტაპობრივად გამოვა. აქედან ორი არის აკაპელა, ერთი  მათ შორის ქალაქური სიმღერების, ძალიან სასიამოვნო ქალაქური თბილისური სიმღერების ნაკრებია. ზაფხულის ბოლოს და წლის ბოლოს ასევე გამოვა პატარა ელექტრონული ალბომები, EP. მაქვს კიდევ სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტი, რომლებზეც პარალელურად ვმუშაობ. ერთ-ერთი შარშან დავიწყე და წელს დასრულდება, არის ინტერნეტსერიალი „სექსი ბათუმში“. სამი სერია უკვე გადაღებულია, თუმცა ჩვენება გადაიდო პანდემიის გამო. სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი მე ვარ. სხვადასხვა რეჟისორი გადაიღებს სხვადასხვა სერიას. თითო სერია სამწუთიანია. ეს გახლავთ კომედიური სერიალი. უცხოელებიც მონაწილეობენ, არის ინტერნაციონალური პროექტი. სერიები დამოუკიდებელია. სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ამბებს ჰყვება, რომლებიც ბათუმში ხდება. ეს არის ბათუმის რეკლამის ალტერნატიული ფორმა, მაყურებელი ეცნობა ბათუმს. ბევრი საინტერესო რამ არის ჩართული.

და კომერციული სათაურით შეფუთული.

კომერციული თუ ხმაურიანი სათაურით. არის ფორმა მოფიქრებული, რომელზეც შარშან რამდენიმე თვე ვიმუშავე.

გარდა ამისა, კიდევ ვფიქრობ ახალ გადაცემაზე, რომელზეც მოგვიანებით მოგიყვებით.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები