ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აკრიტიკებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საჯარო მხარდაჭერის არარსებობის გამო, რომელიც 24 თებერვლიდან გრძელდება და აცხადებს, რომ „რუსეთისთვის ეს ორგანიზაცია უსარგებლოა“.
“კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებო, რატომ დუმხართ, რატომ არ ლაპარაკობთ მეზობლებზე? (…) რატომ არ გაქვთ პოზიცია ბანდერას, ნაცისტების და ფაშისტების წინააღმდეგ, რომლებმაც დახოცეს ჩვენი წინაპრები? ჩვენ ერთად ვიბრძოდით ბანდერას წინააღმდეგ. ახლა, თითქოს არაფერი მომხდარა, ამერიკისა და ევროპის სანქციების ეშინიათ, ყველა ჩუმად არის“, – თქვა აღშფოთებულმა კადიროვმა.
პარასკევს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ცენტრალურ ღონისძიებაზე, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს კვაზისახელმწიფოები უწოდა და თქვა, რომ მათ აღიარებას არ აპირებს. თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს.