LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი

105
Untitled design (8)

ინფორმაციას, რომ ბოლო სამ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 8 929-ით გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა მათ შეფასებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. 

ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი დროებით შეჩერებული იყო, რის გამოც ბაზაში მხოლოდ პირთა დამატება ხდება და არა სოციალური სტატუსის გაუმჯობესების შედეგად, მოქალაქეთა სოციალურად დაუცველთა სიიდან გადინება.

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც, შესაბამისად, იზრდება:

“ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და ხელახალ შეფასებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ამ ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება.

გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან. შესაბამისად, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან, მორატორიუმის გამო სისტემიდან, უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია.

ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 100 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა 150 ლარი, მომდევნო წლის იანვრიდან კი 200 ლარი გახდება.

ამასთანავე, 100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა ამ დახმარების მისაღები სარეიტინგო ქულა, რამაც ასევე გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და რომ საქართველოს მთავრობა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, ეს ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 174 379-მა ოჯახმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა და იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა, თებერვალში – 650 584-მა, მარტში კი 176 837-მა ოჯახმა, ანუ 652 096 პირმა მიიღო.

პოპულალურები