LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა – ხათუნა ზახაშვილი განმარტავს

2943
BeFunky-collage (23)

ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რიცხვი 15 000-ს ვერ სცდება. უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმეტესობა ვაქცინის მეორე დოზაა. არადა, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულს, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინირებას გეგმავდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განმარტა, რატომ იკლო ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, შემთხვევების შემცირებამ ხალხი მოადუნა, რამაც შესაძლოა, უარყოფით შედეგი გამოიღოს.

“ძალიან დიდი ტალღა იყო მოსახლეობის, რომელსაც სურდა და ელოდებოდა ვაქცინებით ჩვენი შესაძლებლობების გაჯერებას და ივლისის ბოლოდან აგვისტოს თვის მანძილზე დიდი რაოდენობით ვაქცინაცია სწორედ ამ ადამიანებს უკავშირდება. გარდა ამისა, ეს იყო პირდაპირ კავშირში ავადობის მატებასთან კოვიდ 19-ის. ცნობილია, რომ ზუსტად იმ პერიოდში შემთხვევების აღმავალ ტალღაზე ვიდექით, რაც ყოველთვის არის ასოცირებული ადამიანების მეტ მობილიზაციასთან აცრებთან დაკავშირებით, მეტი ადამიანი მიდის ასაცრელად.

ახლა დაღმავალი ტალღაა, შემთხვევები მცირდება, ამდენად, მოდუნების განწყობაზე აყენებს მოქალაქეებს და იმ განწყობაზე, რომ შეიძლება დროებით გადავდოთ ვაქცინაცია. მოდი, დაველოდოთ სხვა პერიოდს ან ახლა არ მცალია და ა.შ.

ზედმეტმა მოდუნებამ საბოლოო ჯამში, შეიძლება, უარყოფითი შედეგი გამოიღოს და ამ პროცესის გადადება ნამდვილად არ არის ხელსაყრელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს დაავადება ასოცირებულია ძალიან დიდ აფეთქებებთან, დიდ ეპიდემიურ მატებასთან, ბევრ ჰოსპიტალურ შემთხვევებთან, რაც იწვევს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და ასევე, სამწუხაროდ, იმ ლეტალურ შემთხვევებთან, რომელიც გარდაუვალია ამ დაავადების შემთხვევაში”,- აღნიშნა ხათუნა ხაზაშვილმა.

შეკითხვაზე, ვაქცინაციის ნდობის შემცირება ხომ არ შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ მიზეზად იმუნიზაციის ტემპის შემცირებისა, ზახაშვილი ასე პასუხობს:

“რა თქმა უნდა, ანტივაქსერული მოსაზრებები ადამიანებზე ახდენს გავლენას. ეს არის გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ჭოჭმანობენ და არ აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინაციის ჩატარება, თუმცა დარმწუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც დღესდღეობით არსებობს საკმარისი იქნება. მთავარია მათ ყურამდე სწორად და დროულად მივიტანოთ ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს აცრების ჩატარება თითოეული ადამიანის, ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლის გადარჩენისთვის და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჭოჭმანობს, ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, აუცილებლად მიმართავს ვაქცინაციას.

რაც შეეხება საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს და მედგრად სჯერა, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს, მათი ამ რწმენის შერყევა ცოტა უფრო ძნელია და საჭიროა უფრო ღრმა, ხანგრძლივი და დაბეჯითებითი მუშაობა, იმისთვის, რომ მათ ეს მოსაზრება შეეცვალოთ”,- განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

mazda magti 5g