„37 წლის ქალს მეუღლემ ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა”, „კაცმა 5 თვის ორსულ ცოლს დანით ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა”, „კაცმა ყოფილი ცოლი გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში გაზი გაუშვა და მიიმალა”, „კაცმა ცოლს სცემა, ქალმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა” – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შემთხვევების, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიაში ხვდება.

ბოლო 7 წელში მოკლეს 180 ქალი, მათგან ნახევარი ოჯახში.

სახალხო დამცველის ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის სისხლის სამართლის საქმეებში იკვეთება დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ დაზარალებულის ქცევის კონტროლის შემთხვევები, მაგალითად:

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა იმის გამო, რომ სარგებლობს სოციალური ქსელით ან შვილს (გოგოს) პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული წესების შესაბამისად არ ზრდის (დედა თავის შვილს ფრჩხილებზე ლაკს უსვამს);

ფემიციდის მოტივი გამხდარა ქალის დასჯა უცენზურო გამონათქვამებისათვის, რაც პატრიარქალურ საზოგადოებაში შეუფერებელია ქალისათვის;

ფემიციდის მიზეზი ხდება ცოლის მიმართ უსაფუძვლო ეჭვიანობა, მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულება;

განქორწინების შემთხვევაში, ქმართან ბავშვების ნახვის საკითხზე შეუთანხმებლობა;

ცოლზე თავდასხმის მიზეზი ასევე გახდა მამაკაცის სურვილი, საოჯახო სახსრები ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებით განეკარგა;

შვილების დედებზე თავდასხმის მიზეზი გამხდარა, მაგალითად, ბებიის მხრიდან შვილიშვილების მოვლაზე უარის თქმა და ა.შ

 

“ფემიციდს წინ უძღვის ძალადობის ხანგრძლივი ისტორია”

 

უფლებადამცველი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში, გოგა ხატიაშვილი ამბობს, ფემიციდის შემთხვევები არ მცირდება და ბოლო წლების საკმაოდ მაღალი სტატისტიკური მონაცემებით გამოიკვეთა, რომ გაიზარდა ქალთა მკვლელობისა და მცდელობის, ასევე, ქალების თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევები.

როგორც გოგა ხატიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განმარტა, ესეც ფემიციდის ერთ-ერთი კატეგორიაა, ვინაიდან ფემიციდს აქვს ძალიან საშიში და დისკრიმინაციული ბუნება.

„ეს არის ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი არის კავშირში სწორედ გენდერულ ძალადობასთან ანდა დისკრიმინაციასთან. ხშირად ეს არის განპირობებული ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, სტერეოტიპული, სექსისტური დამოკიდებულებით.

ძირითადად ამგვარ გარემოებებში ხდება ფემიციდი და სწორედ საზოგადოებაში არსებული სოციალური, კულტურული ნორმები უბიძგებს ხშირად დამნაშავეს დაიჯეროს, რომ თითქოს მას აქვს უფლება ქალის ქცევის, მის სიცოცხლესთან მიმართებით ეს უკანასკნელი დასაჯოს კიდეც თუ არ დაემორჩილება. ამიტომაც, ამას აქვს გარკვეულწილად შურისძიების ეფექტი და ხშირად დამნაშავე ამას აფასებს „მამაკაცური ღირსების საქმედ“, – აცხადებს უფლებადამცველი და დასძენს, რომ როგორც წესი, ფემიციდი არ ხდება სპონტანურად.

ეს არ არის იზოლირებული ქმედება, რომელიც ხდება მოულოდნელად. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის განგრძობადი ქმედების საბოლოო აქტს წარმოადგენს.

გოგა ხატიაშვილის თქმით, ფემიციდი არის ერთგვარი შეჯამება იმ ხანგრძლივი ძალადობისა, რომელსაც მანამდე ქალები ექვემდებარებოდნენ. შესაბამისად, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევებში რისკების შეფასება და სამომავლო მძიმე შედეგების განჭვრეტა შესაძლებელია.

„არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავს ფაქტებს წინ უძღვის ხანგრძლივი ძალადობის ისტორია და ფემიციდი ან ფემიციდის მცდელობა უბრალოდ არის ხოლმე ამ ყველაფრის დაგვირგვინება“, – აღნიშნა მან.

 

გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობები – რას გვიჩვენებს გამოძიება

 

ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში აცხადებს, რომ ფემიციდის შემთხვევების შესწავლის დროს, ორი მიმართულება იკვეთება.

„პირველი – რიგ შემთხვევებში მკვლელობამდე ან მკვლელობის მცდელობამდე ქალს მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი უწყებებისთვის, თუმცა პრევენცია და იმის აღმოფხვრა, რომ არ დამდგარიყო მძიმე შედეგი, ვერ მოხერხდა. ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება საკითხი – რამდენად ეფექტიანი იყო რეაგირება?

არსებობს მეორე მიმართულება – დგინდება, რომ ფემიციდის ჩადენამდე მსხვერპლს არ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ესეც პრობლემაა, ბუნებრივია“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი და აქვე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის მხარდაჭერა და მსგავს ფაქტებზე შესაბამისი უწყებებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

„ამ ნაწილში ხაზგასასმელია საზოგადოების დამოკიდებულება, ვინაიდან მათ აქვთ მნიშვნელოვანი როლი, რომ დაარღვიონ დუმილი. აქ განსაკუთრებით ვგულისხმობ მსხვერპლის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მეზობლებს, რომლებიც შესაძლოა, არიან ძალადობის ფაქტის შემსწრე ან აქვთ საფუძვლიანი, გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ძალადობა მოხდა.

საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის კუთხით, პროგრესია, თუმცა მათ ნაწილს ჯერ კიდევ აქვს დამოკიდებულება, რომ  ეს სხვისი საქმეა და ერიდება მასში ჩარევას. ასევე, ადამიანებისგან მომისმენია, რომ მათ აქვთ შიში, რომ თუ ისინი მაგალითად, პოლიციას მიაწვდიან ინფორმაციას, შესაძლოა, მოძალადემ გაიგოს ამის შესახებ და შური იძიოს.

როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ დაკომპენსირდეს?

ერთი მხრივ, კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ პოლიცია ვალდებულია, რომ დაიცვას იმ პირთა უსაფრთხოება, რომლებიც განაცხადებენ ფაქტის შესახებ.

მეორე, ამის დაზღვევა შეიძლება ანონიმურობის დაცვით. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ფლობს ინფორმაციას და დარეკავს 112-ში, შეუძლია მოითხოვოს ანონიმურობის დაცვა, ამას რა თქმა უნდა, პოლიცია უზრუნველყოფს.

არსებობს სხვა შესაძლებლობაც, 24 საათიანი საკონსულტაციო უფასო ცხელი ხაზი – 116 006. ამ ცხელ ხაზზე დარეკვის გზით, ოპერატორები ანონიმურად მიაწვდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას. ამიტომ საზოგადოებას შეუძლია ეს ბერკეტები და შესაძლებლობები გამოიყენოს“, – განაცხადა უფლებადამცველმა.

 

 

წნეხი, სტერეოტიპები, შიში – რატომ დუმს მსხვერპლი?

 

გოგა ხატიაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მსხვერპლმა სამუდამოდ დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება.

„მსხვერპლთა დუმილის მიზეზად და ერთ-ერთ ბარიერად მიიჩნევა ის სტერეოტიპები და საზოგადოებრივი წნეხი, რომელშიც მსხვერპლს უწევს ცხოვრება. მსხვერპლისთვის არ არის მარტივი გაარღვიოს იზოლაცია და დაიწყოს ლაპარაკი მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე. სერიოზული ბარიერია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ მხარს უნდა უჭერდეთ, ძალიან ნაკლები ჰყავთ – დაწყებული ოჯახის წევრებით და დასრულებული საზოგადოების სხვა წევრებით. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თავად ახლობლები ან ოჯახის წევრები პირიქით ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ საუბრისგან ან ვინმეს მიმართვისგან.

როდესაც ამ ტიპის მხარდაჭერას არ გრძნობს [მსხვერპლი], დამოუკიდებლად ვერ ბედავს ილაპარაკოს ასეთ ფაქტებზე და შესაბამისი უწყებები ჩააყენოს საქმის კურსში.

ასევე, ერთ-ერთი ბარიერია არასაკმარისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ფინანსურად დამოკიდებულია მოძალადეზე.

ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა ერთი მხრივ არის ძალადობის სისტემატურად თმენის მიზეზი, მეორე მხრივ შესაძლოა ამის გამო არ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოს ან მიმართვის შემდეგ კვლავ დაბრუნდეს სახელმწიფო უწყებაში და თქვას, რომ უარს აცხადებს მოძალადე ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს”, – აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

უფლებადამცველის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა მიანიშნებს, რომ თავშესაფარში მოხვედრილ მსხვერპლთა დიდ ნაწილს, რომელთაც არ ჰქონდათ რაიმე სახის შემოსავალი და არ ფლობდნენ უძრავ ქონებას, ემუქრებოდათ სერიოზული საფრთხე იმისა, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ, ქუჩაში აღმოჩენილიყვნენ.

გოგა ხატიაშვილის თქმით, თავშესაფარი მსხვერპლებს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს, თუმცა არის დროებითი ღონისძიება.

„ეს არის როგორც საცხოვრისით უზრუნველყოფა, ასევე იურიდიული, ფსიქოლოგიური, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, თუმცა, მნიშვნელოვანია რა ხდება თავშესაფრის დატოვების შემდეგ. აქ გვაქვს სერიოზული გამოწვევა“, – ამბობს უფლებადამცველი.

მისი თქმით, დღეისათვის არსებული პროგრამები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

„მაგალითად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამები – ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობენ ან ყოველთვიურ გარკვეულ ფულად ანაზღაურებას, სანამ ის მოძლიერდება და გარკვეულ უნარებს გაიუმჯობესებს ან უხდიან ბინის ქირას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, თუმცა აქვს ძალიან შერჩევითი ხასიათი. ყველა მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს, ამიტომაც აუცილებელია ასეთი პროგრამების გაძლიერება. სწორედ ამას ვგულისხმობ, ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკურ გაძლიერებაში”, – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

უფლებადამცველი მსხვერპლთა დუმილის ერთ-ერთ მიზეზად და დამაბრკოლებელ ბარიერად მოძალადის მიმართ არსებულ შიშს ასახელებს.

„ფიქრობენ, რომ თუ პოლიციაში უჩივლებენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შურს იძიებს მოძალადე და უარესად გაუსწორდება. შეიძლება ამას ფიქრობდეს იმის გამო, რომ მოძალადე პირდაპირ იმუქრება, რომ თუ ვინმეს რამეს ეტყვის, დაუშავებს მას, მის ახლობლებს, ნათესავებს. ამ შიშის გამო იკავებენ მსხვერპლები თავს. ეს არის ყველაზე გავრცელებული ბარიერები, ამიტომ ძალიან არასერიოზულია მსხვერპლისთვის იმის თქმა – რატომ აქამდე არ ილაპარაკე? რატომ აქამდე არ მიმართე პოლიციას?

მინდა აღვნიშნო, რომ რა დროც არ უნდა იყოს გასული, ყოველთვის აქვს აზრი პოლიციისთვის მიმართვას. მეორე მხრივ არ უნდა დავადანაშაულოთ მსხვერპლი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ძალადობის ჩადენისთანავე შესაბამისი უწყებებისთვის დახმარებით მიემართა”, – აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

 

 

გამოსავლის გზებზე საუბრისას უფლებადამცველმა თქვა, რომ საკითხს სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს, ვინაიდან გოგა ხატიაშვილის განმარტებით, გამოსავალი შეუძლებელია ერთ რომელიმე კონკრეტულ უწყებაზე იყოს დამოკიდებული.

„აქ არის მთელი ჯაჭვი უწყებების, რომლებიც არიან პასუხისმგებელი გამოვლენაზე, რეაგირებასა და პრევენციაზე. როდესაც რომელიმე ერთი უწყება სათანადოდ არ ასრულებს მოვალეობას, სხვა უწყებებმა რაც არ უნდა მაგარ დონეზე განახორციელონ რეაგირება ეს ჯაჭვი ირღვევა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი ეს სისტემა განიცდის კრახს.

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების შეცვლასა და აღმოფხვრაზე, რაც არის მთავარი მიზეზი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ფემიციდის ჩადენის.

ხშირად, ძალადობა ეს არის სოციალური ჩაგვრის მექანიზმი, რის გამოც ქალები იძულებულები არიან დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ ეს არასაკმარისია. პარალელურად, მნიშვნელოვანია, ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება და მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების გაძლიერება.სპეციალისტებმა მოძალადეებთანაც უნდა იმუშაონ”, – განაცხადა უფლებადამცველმა, ექსპერტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში, გოგა ხატიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები