LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური სიყვარული“ – როგორ იქმნებოდა ყველა დროის ყველაზე ლამაზი საშობაო ისტორია

1928
love-actually

ეჭვგარეშეა, რომ ფილმი „რეალური სიყვარული“ ყველა დროის ყველაზე ნახვადი რომანტიკული, საშობაო ფილმია. საოცრად ემოციური და ლამაზი ისტორიების კალეიდოსკოპი ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც ვერ დატოვებს იმედგაცრუებულს. მოდით, ცოტა მეტი გავიგოთ, რიჩარდ კერტისის ამ ჯადოსნური ფილმის შესახებ.

ფილმის ორიგინალური სახელწოდებაა Love Actually Is All Around, თუმცა მოგვიანებით სახელწოდება ასე შემოკლდა, Love Actually. ეს გახლავთ ბრიტანელი სცენარისტის, რიჩარდ კერტისის სადებიუტო ნამუშევარი რეჟისორის ამპლუაში. იქამდე კერტისმა ისეთი ფილმებისთვის დაწერა სცენარი, როგორიცაა „ოთხი ქორწილი და ერთი დასაფლავება“, „ნოთინგ ჰილი“ და „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“. 9 ერთმანეთისგან განსხვავებული რომანტიკული ისტორია კერტისმა მაშინ მოიფიქრა, როცა ის გადატანილი ოპერაციის მერე, ბალიზე ისვენებდა. მოგვიანებით გამოტყდა, რომ თითო ისტორიაზე ფიქრს სამი წელი მოანდომა და ბალიზე დასვენებისას უბრალოდ ეს ისტორიები შეკრა.

საინტერესო ფაქტებიდან აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ წამიერ სცენაში მონაწილეობისთვის, მოდელმა კლაუდია შიფერმა 200 ათასი ფუნტი სტერლინგი აიღო. ის ფილმში ლაიამ ნისონის გმირის ოცნების ქალს განასახიერებს და მას შობის წინა ღამეს, საბავშვო კონცერტის კულისებში ხვდება. თავდაპირველად ოცნების ქალის როლზე მადონა განიხილებოდა, თუმცა ბოლოს ის შიფერმა ჩაანაცვლა. რაც ეხება სხვა მსახიობების ჰონორარს, ის ბევრად უფრო მცირე აღმოჩნდა. სულ ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარია და მასში A კლასის ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა. კერტისი მათთან წლებია მეგობრობდა და ბევრი მინიმალისტურ ჰონორარზეც კი დაითანხმა. თავად რიჩარდ კერტისი ამბობს, რომ ფილმის აღმოჩენა 10 წლის ტომას სანგსტერია, რომელიც ჰიუ გრანტის ბიძაშვილი აღმოჩნდა. ასევე საინტერესოა, რომ კოლინ ფერტის გმირის ისტორია არა პორტუგალიაში, არამედ მარსელში გადაიღეს. ამის მიზეზიც ფილმის დაბალი ბიუჯეტი გახდა. აი რაც ეხება აურელიას როლის შემსრულებელს, ლუსია მონზის, მას ეს როლი სრულიად შემთხვევით ერგო. ფილმის კასტინგის აგენტი მისი უახლოესი მეგობარი აღმოჩნდა და მისი კანდიდატურა ისე გაიტანა ფინალამდე, რომ აზრზეც ვერავინ მოვიდა. ტბა კი, რომელშიც კოლინ ფერტისა და ლუსია მონიზის გმირები ხტებიან სცენარის გადასარჩენად, მოსკიტებით იყო სავსე და მწერებმა მსახიობები ისე დაკბინეს, რომ გადაღებების მერე ორივე საავადმყოფოში აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ ყველაზე მეტად რეჟისორს სარას როლის შემსრულებლის პოვნა გაუძნელდა, რომელიც უიმედოდ უნდა ყოფილიყო  შეყვარებული თავის თანაშრომელზე. კერტისი ამტკიცებდა, რომ ის ლორა ლინის ტიპაჟის მსახიობს ეძებდა. ერთხელაც მას მეუღლემ შესთავაზა, პირდაპირ ლორას დაკავშირებოდა. კერტისმა გარისკა, ლორა სიამოვნებით დათანხმდა. რაც შეეხება ენდრიუ ლინკოლნს, როგორ ამბობენ, ის სიხარულით ხტუნავდა, როცა გაიგო, რომ ფილმზე დაამტკიცეს.

პრემიერმინისტრის ისტორია რიჩარდ კერტისმა რეალურ ამბაზე ააგო, ჰიუ გრანტის გმირი ბრიტანეთის პრემიერს, ედვარდ ჰიტს განასახიერებს, რომელიც სხვათაშორის უცოლო იყო. ამ როლზე თავდაპირველად ენტონი ჰოპკინსის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით არჩევანი ჰიუ გრანტზე შეჩერდა. ყველზე მეტად ჰიუ გრანტს  ცეკვის შესრულება არ უნდოდა, ამის გამო სკანდალი იმდენად გამძაფრდა, რომ გრანტმა ლამის შემოქმედებითი გუნდი დატოვა. ჯამში ცეკვის ეს სცენა კინოს ისტორიაში საკულტოდ იქცა. პრემიერის საყვარელი ქალის და მისი ასისტენტის როლი მარტინა მაკატჩენს ერგო, რომელიც კერტისმა სრულიად შემთხვევით, თეატრში  ნახა. რაც ეხება ემა ტომსონს, ის ფილმში ჰიუ გრანტის უმცროსი დის როლში გვევლინება. მაშინ როცა სინამდვილეში 17 თვით დიდია მასზე.

ჰიტი Christmas Is All Around, რომელსაც ფილმში როკ-ვარსკვლავი ბილი მეკი ასრულებს, 60-აინი წლების ჰიტის Love Is All Around-ის ქავერ ვერსიაა. რაც ეხება აეროპორტის ბოლო ემოციურ სცენას, აქ ყველა კადრი რეალურია. ფილმის გადამღები ჯგუფი რამდენიმე  დღე აკვირდებოდა ჰითროუს აეროპორტში უცხო ადამიანების შეხვედრის სცენებს და მათ საგულდაგულოდ იღებდა. ფილმის შემოსავალი 247 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g